ხელი, რომელიც ყველგან იმალება

ავტორი: Mariam Bzukashvili

თუ შენ სახლიდან ყოველ გასვლამდე ამოწმებ კაბის სიგრძეს, ტუჩსაცხის
ფერს, იმას თუ რამდენადაა ამოჭრილი შენი დეკოლტე;
თუ შენ ბევრჯერ გამოგიცვლია ტანზე მომჯარი და მოხდენილი სამოსი, მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად შესამჩნევი არ ყოფილიყავი; საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას მოგიძებნია ადგილი, სადაც უფრო ნაკლებად აღქმადი და მიუწვდომელი იქნებოდი;
თუ შენ გეშინია საკუთარი გარეგნობის ბოლომდე გამოხატვა, ყურადღების გამახვილება იმ დეტალებზე, რომლებიც სექსუალურსა და სრულყოფილს გხდის – მოგესალმები! შენ ჩემს ეპოქაში ცხოვრობ და თანაარსებობ იმ საზოგადოებასთან, რომელსაც უამრავი უხილავი ხელი აქვს გამობმული და რომელიც შემოქმედია ყველა გაუმხელელი სექსუალური შევიწროებისა.
გოგოობის ხვედრი მეტად რთულია და ძირითად შემთხვევებში
აკანკალებულ მუხლებში, მოწოლილ ბრაზსა და ჩაკლულ პროტესტში გამოიხატება.
მეც გოგო ვარ, ანუ გოგოობის ხვედრად ქცეული ყველა უბედურების პოტენციური მსხვერპლი. რადგან გოგო ვარ, ამავდროულად მაქვს უფლება ყველა ჩემიანს მესიჯი გადმოგცეთ, ანუ გითხრათ ის, რაც აუცილებლად უნდა ითქვას:
მაშინ, როდესაც დაუკითხავად ეხებიან შენს სხეულს, უხეში მოძრაობით აჯანყებენ შენს კანს, ცდილობენ მოწოლილი ვნებების შენი სიახლოვიით დაკმაყოფილებას, როდესაც ურჩხულის ხელები შენს ნაზ კანს ესაკუთრება, შენ კიდევ საკუთარი აკანკალებული და უსუსური სხეულის გრცხვენია, მინდა იცოდე, რომ მეც შენნაირი ვარ!
მეც შენსავით მეხებიან ბინძური ხელები, მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებად მინდა ეს და ყოველი არასასურველი მოკარებისას იღვიძებს ჩემში მეამბოხე ქალი, რომელსაც არ უნდა ცალმხირვი ჟინით დაისაკუთრონ.

ყოველთვის როცა ურჩხულის ხელი შენკენ გამოიწევს, გამიხსენე მე,
მიგრძენი მე, ისესხე ამბოხი ჩემგან და არასდროს დაივიწყო, რომ მეც ერთი რიგითი, შენნაირი ქალი ვარ, შენსავით მიჭირს და ყოველთვის შენიანი ვიქნები, მაგრამ არასდროს მივცემ უხილავ ხელებს ჩემი გაჩუმების უფლებას უკითხავი შეხების შემდეგ.

მაშინ როდესაც, ხმას ამოიღებ, გახსოვდეს, რომ შენი ამბოხი სხვა ჩვენნაირი ქალებისთვის მაგალითია.
მე, შენ და ქალური ამბოხი – შესანიშნავი სამეულიც შედგა!

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *