წერილი ქმარს

იცი, გუშინ ზუსტად ის დღე დამესიზმრა, როცა კომუნისტების მიერ აშენებულ ნასკვერალში, ბეტონის დანგრეულ კიბეზე იჯექი, მე კიდევ შენს მუხლებზე ვიწექი. მაშინ გითხარი, ჩემი პლანეტა იქნები ამიერიდან და ისეთი თოკით დაგაბამ, როგორიც წარმომედგინა ბავშვობაში – დედამიწა რომ მთვარეს იჭერდა უსასრულობაში არდასაკარგად.

ზუსტად მაგ დღეს გადამისვი თავზე ხელი, მანამ, სანამ პლანეტობას დაგწამებდი და გულით მთხოვე, რომ გვექორწინა.

სიზმარი იყო, მაგრამ მატყუარა და თან რეალური.

და დღეს – ზიზღით შემოხედვა, გადაფურთხება და ოთახის კარის მიბრაგუნება. ახლა, უკვე 8 წლის შემდეგ.

ვზივარ და ვფიქრობ მთელი დღეები, ხანდახან ღამეებიც (როცა აღმოვაჩენ შენგან ჩემს წილ სითბოს სხვისთვის განაწილების დამადასტურებელ საბუთებს), სად დავუშვი შეცდომა. ალბათ შენი სახლის კარში შესვლისთანავე? დასაწყისში, როცა გთხოვდი, სველ იატაკზე სიარულისგან სულ რამდენიმე წუთით შეგეკავებინა თავი. იქნებ მაშინაც, როცა იძულებით ისაკუთრებდი ჩემს სხეულს, ან იქნებ მაშინ, როცა ახალშობილი ტიროდა, შიოდა, ეძინებოდა, სტკიოდა, ებანავებოდა და არ გაწუხებდი, როგორც შენს სახლში მითხრეს – ქალი რისთვისაა, თუ კაცმა მიხედა საკუთარ შვილსო.

ვფიქრობ და მივხვდი – ყველგან!

ყოველდღიურობაში ვუშვებდი შენთან შეცდომებს, როცა არ გეპასუხებოდი, როცა თავს გიხრიდი, როცა არ გაწუხებდი და არ გთხოვდი საკუთარი ნაჭამის მიხედვას, საკუთარი თეთრეულის აღებას, საკუთარი შვილის მოფერებას. მაშინ დავუშვი შეცდომა, როცა გაპატიე პირველი შეგინება და ახლაც არ ვარ მართალი, როცა ვზივარ ისევ შენს სახლში, როცა გელოდები როდის დაბრუნდები სამსახურიდან, რომ მერე უარყო ჩემ მიერ მომზადებული ცხელი წვნიანი და რომელიღაც ბინძურ ქარხანაში წარმოებული ასეთივე ბინძური ნახევარფაბრიკატი იყიდო ჩემს თვალწინ, დემონსტრაციულად – თითქოს შენი ნათესავები არ გიჟდებოდნენ ჩემს კულინარიულ ნიჭზე.

დამესიზმრე ისედაც ჩემს გვერდით მწოლიარე…

გავიღვიძე, გიყურებდი და ვფიქრობდი – ვინაა ეს კაცი, უცხო, უსულო, უხეში.

მერე ისევ გავაგრძელე ძილი და დილას, როგორც წესი, ცუდ ხასიათზე მყოფს – მუშაობას ხომ ფეხბურთს ყურება გერჩევნია, ისევ გაკოცე სხეულის რომელიმე ადგილას, რომელსაც მივწვდი (შენ ხომ არასდროს ჩერდები ჩემთვის საკოცნელად), ისევ გავაგრძელე ყოველდღიური შეცდომების დაშვება და ილუზიებით ლოდინი, ვინ იცის, იქნებ დღეს მაინც შეამჩნიო ჩემი თმის ფერი და ერთი ნაოჭი წარბებს შორის.

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *