ქალთა უფლებები – ბრძოლა და გამარჯვება

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი; ილუსტრატორი: შორენა თივაძე
ფემინიზმი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობაა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი მამაკაცებთან გათანასწორება, ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა.
და რატომ გახდა საჭირო ქალებს საკუთარი თავი დაეცვათ?! მათ მიმართ დისკრიმინაცია და სექსიზმი საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება, ვერავინ შეძლო „ქალის ხვედრის“ გახმოვანება მანამ, სანამ დედები, ცოლები და ქალიშვილები თავად არ ალაპარაკდნენ, თავად არ დასვეს კითხვები: რა ხდება იქ, სადაც ჩვენ არ ვართ? რა მოხდება, როცა ოჯახის ზღურბლს გადავაბიჯებთ და შევალთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში? ამ „დაეჭვების“ ისტორიის საფუძვლიდან იღებს სათავეს ფემინიზმი, როგორც თეორია, რომელიც ქალთა მოძრაობით არის ნასაზრდოები.
ფემინისტური ხასიათის იდეები, პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მისი ჩამოყალიბება მე-18 საუკუნეში დაიწყო. ამ თეორიის ჩამოყალიბების მთავარი ბიძგი 1776 წლის „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ და 1789 წლის „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ იყო.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპული-ქართული დიალოგისა და კულტურული შეხვედრის შესაძლებლობა გაჩნდა. ამ გარემოების წყალობით, ქართველებმა გაიცნეს დასავლური, პროგრესული იდეები და შეეცადნენ გაეტანათ/გაეზიარებინათ მეგობრებისთვის საკუთარი კულტურა.
ქალთა საკითხისა და ქალთა მოძრაობის დასავლური გამოცდილება ქართველი ქალებისთვის ხელმისაწვდომი იყო მანამ, სანამ რუსეთის იმპერიამ და ბოლშევიკურმა/კომუნისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ არ გადაჭრა ჩვენი ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან დამაკავშირებელი ყველა არტერია.
მიუხედავად ყველაფრისა, ქალი არასოდეს არ ყოფილა შემგუებელი ძალადობისა, სწორედ ამიტომ, საბჭოთა საქართველოში პირველი ქართველი ფემინისტები გამოჩნდნენ, რომლებმაც კვლავ გააჟღერეს „წერა-კითხვის არმქონე ქალები იჩაგრებიან კაცები მათ ქედმაღლურად უყურებენო“ – [ბარბარე ერისთავი ჯორჯაძე, პირველი ქალი ფემინისტი]
მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ფემინიზმი საქართველოშიც საგრძნობლად გააქტიურდა, იქამდე ქალები საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში საერთოდ ვერ ერთვებოდნენ, ვერ იღებდნენ განათლებას და ვერ წარმართავდნენ საკუთარ ცხოვრებას ისე, როგორც სურდათ, რასაც ხელს ქალთა უფლებების შეზღუდვა და სქესთა შორის როლთა არათანაბარი გადანაწილება უწყობდა.
ბარბარე ერისთავი ჯორჯაძე – პირველი ქალი ფემინისტი და პუბლიცისტია საქართველოს ისტორიაში, მას ძალიან ადარდებდა ქალთა განათლების საკითხი ამიტომ საგაზეთო წერილების წერა დაიწყო, რასაც იმ დროს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
კიდევ ერთმა ქართველმა ფემინისტმა ქალმა, განმანათლებელმა ეკატერინე თარხნიშვილმა, თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქალთა განათლებას მიუძღვნა. 17 წლის იყო, როდესაც სოფლის ეკლესია „გალავანში“ ერთ პატარა ოთხში უსასყიდლოდ ასწავლიდა უსახსრო, მაგრამ სწავლას მოწყურებულ ბავშვებს, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, თბილისში საკუთარ სახლში ქალთა პროფესიული სკოლა გახსნა, რომელშიც უამრავი ქალი სწავლობდა, ყველა მოსწავლე მას დედას ეძახდა, თავად ეკატერინეს კი 11 შვილი ჰყავდა.
ფემინიზმის საჯაროდ წარმართვასა და აქტიურ პოზიციონირებაში არანაკლები წვლილი კატო მიქელაძეს ეკუთვნის – ობოლი კატო ბავშვობიდან მეამბოხე იყო, მომავალში მან ბევრი პროფესია გამოიცვალა, დაიწყო ლექსების წერა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო, არალეგალურ ლიტერატურას ფარულად ავრცელებდა, შემდეგ მთელი ენერგია ქალთა გაძლიერებისკენ მიმართა, რადგან უთანასწორობა უსამართლობა და ქალების ჩაგვრა ძალიან აწუხებდა, დააარსა ქალთა პოლიტიკური კლუბი და გამოსცა ფემინისტური გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა,“ რომელიც ქუთაისში, 1917-1918 წლებში გამოდიოდა. კატოს და სხვა ფემინისტი ქალების დამსახურებაა, რომ დღეს ქართველ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.
ისტორიული აქტივობების მიუხედავად, 21-ე საუკუნეში, ჩვენს ქვეყანაში ქალის როლი კვლავ დაკნინებულია – ძალადობენ ეკონომიკურად, სექსუალურად, ფსიქოლოგიურად და უგულებელყოფენ მის როლს.
დღესდღეობით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით, საქართველოში არაერთი ორგანიზაციაა აქტიურად ჩართული. სოციალური კამპანიები და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ცნობიერების სასამაღლებელი აქტივობები, საზოგადოების თითოეულ წევრის პირდაპირ თუ ირიბად ასწავლის და მოუწოდებს თანასწორობისაკენ და რომ ძლიერი, თავისუფალი ქალები, ყოველთვის აშენებენ ერთმანეთისთვის გზას, რომელსაც შემდგომი თაობები ნაკლები დაბრკოლებით გადიან.
„ჩვენ ვიცით, რისთვის ვიბრძვით და ვიცით აგრეთვე ფასი და მისწრაფება ჩვენი უფლების მტერთა, რომ მათმა ცილის წამებამ შეგვაკრთოს, რასთვისაც დაჟინებით მოვითხოვთ ქალთა კავშირის სიძლიერესა და სიმტკიცეს ქალთა თვით მოქმედებისა და აქტიურობის აღსადგენათ.“ – კატო მიქელაძე