ფინანსური უსაფრთხოება ქალებისათვის

ქალთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად, ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებული თითქმის ყველა ორგანიზაცია, განათლებასა და ფინანსურ დამოუკიდებლობას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევს.
როდესაც ქალს აქვს განათლება და საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მას შედარებით ადვილად შეუძლია მოსცილდეს მოძალადეს და იცხოვროს დამოუკიდებლად, ვიდრე ქალს რომელიც მთლიანად მოძალადეზეა დამოკიდებული. იმ ოჯახებშიც კი, რომლებშიც არავინ ძალადობს ქალზე, პიროვნული დამოუკიდებლობა და ფინანსური უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ფაქტორებია ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის.
ფინანსური კეთილდღეობა, ცხადია, ყველა გენდერისთვის საჭიროა, თუმცა სოციუმში ჩამოყალიბებული დამოკიდებულების და საქართველოში გავრცელებული სექსისტური კულტურის გამო, რაც უფრო აშკარაა რეგიონებში, ქალები ბევრად მეტ ბერკეტს აწყდებიან ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. “2020 წელს, საქართველოში, ქალების მხოლოდ 34% იყო დასაქმებული; ბიზნესის დამფუძნებელი კაცების რიცხვი კი თითქმის ორჯერ აღემატება ქალებისას” (ნათია ჯანელიძე, 2022). შესაბამისად, მიდგომები განსხვავდება კაცებში და ქალებში, როდესაც ვსაუბროთ მათ ფინანსურ გაძლიერებაზე.
ფინანსური უსაფრთხოება, ფინანსური დამოუკიდებლობა და ფინანსური თავისუფლება სხვადასხვა ცნებებია და ამაზე ალბათ უკეთ ისაუბრებს ფინანსისტი. თუმცა, ძირითადი დეფინიციები ასეთია:
ფინანსურად უსაფრთხოდ გრძნობ თავს, როდესაც შენი ფინანსური საჭიროებები კმაყოფილდება ხანგრძლივად და რაციონალური გარანტიით. ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ თუ თავად უზრუნველყოფ ამ შემოსავალს, ხოლო ფინანსურად თავისუფალი ხარ, თუ პასიური შემოსავლით (რომელსაც შენ ფლობ) იღებ იმდენ შემოსავალს რომ შენი ცხოვრების ხარისხი ხანგრძლივად შეინარჩუნო, მუშაობის გარეშე.
ფინანსური დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მეტნაკლებად ობიექტური ცნებებია, თუმცა, ფინანსური უსაფრთხოება სუბიექტურია და სასურველია ადამიანმა თავად განსაზღვროს რა პირობებში გრძნობს თავს ფინანსურად უსაფრთხოდ. მაგალითად, ქალი რომლის ფინანსური საჭიროებები მთლიანად კმაყოფილდება მეუღლის შემოსავლით, შეიძლება თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ, რადგან მას სრული ნდობა ჰქონდეს ამ მოცემულობის სტაბილურობის მიმართ და არ ეშინოდეს იმის, რომ ეს შემოსავალი (ან ურთიერთობა) ოდესმე დასრულდება.
სამწუხაროდ, ქორწინებების 40-50% განქორწინებით მთავრდება და ფინანსისტობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ გავიაზროთ რამდენად სარისკოა, როდესაც ქალი მთლიანად ეყრდნობა შემოსავალს, რომელსაც წარმატების 50%-იანი შანსი აქვს. ასევე, საქართველოში, 2022 წლის მონაცემებით, ქორწინების საშუალო ხანგრძლივობაა 11 წელი, ხოლო განქორწინების ასაკი ყველაზე ხშირად 35-40 წელია. გამოდის, რომ 11 წლიანი „სტაბილური შემოსავალია“ ის, რასაც ეყრდნობა ქალი, რომელიც 40 წლის ასაკში შეიძლება დარჩეს ყოველგვარი შემოსავლის გარეშე.
ამ სტატიაში ვეცდები ზედაპირულად ვისაუბრო ფინანსურ უსაფრთხოებაზე, თუმცა ამ საკითხებზე ყველაზე კომპეტენტურ რჩევებს მოგცემთ კარიერული ფსიქოთერაპევტი, ბიზნეს მრჩეველი, ფინანსიტი, ეკონომისტი ან ფინანსური კუთხით სერთიფიცირებული ქოუჩი.
იმისთვის, რომ იყოთ ფინანსურად უსაფრთხოდ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ თქვენთვის რა არის ფინანსური უსაფრთხოება. ერთი ადამიანის ფინანსური უსაფრთხოება შეიძლება მეორე ადამიანისთვის მიუღებელი იყოს. მაგალითად, შეიძლება გქონდეს შემოსავალი ადამიანისგან ვინც გიკონტროლებს სად რას ხარჯავ. ზოგი ამ მოცემულობაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ზოგი – არა. ეს ინდივიდუალური საკითხია და სასურველია თავად დაუსვათ თავს კითხვები:
- როდის ვგრძნობ თავს ფინანსურად უსაფრთხოდ?
- ვინ უზრუნველყოფს ჩემს ფინანსურ უსაფრთხოებას?
- მხოლოდ ერთი წყარო მაქვს შემოსავლის, თუ რამდენიმე?
- მხოლოდ ერთ ადამიანზე ვარ დამოკიდებული ფინანსურად, თუ რამდენიმეზე?
- ჩემ თავზე რამდენად ვარ დამოკიდებული ფინანსურად?
- რამდენად მაკმაყოფილებს ეს მოცემულობა?
- რას ვისურვებდი, რომ მქონდეს ფინანსური უსაფრთხოება?
მომგებიანი უნარები და მცირე ბიზნესი
- განათლება რომ საჭიროა ყველამ იცის, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში დიდი ყურადღება ეთმობა უმაღლეს განათლებას და იჩრდილება არაფორმალური განათლების სარგებელი. დიპლომი არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანმა ისწავლო უნარები და შემდგომ ამ უნარებით ფული გამოიმუშავო. გაარკვიე, რა გამოგდის, რისი კეთება გიყვარს, რა გაინტერესებს. შეიძლება გემრიელ ნამცხვრებს აცხობდე და სახლიდან დაიწყო შეკვეთების აღება – არ არის აუცილებელი საკონდიტრო გახსნა. შეიძლება კარგად კერავ და ამ მიმართულებით წამოიწყო მცირე ბიზნესი. იქნებ კარგ ფოტოებს იღებ, ან ბავშვები გიყვარს ძალიან და შეგიძლია დაწყებით საგნებში ამეცადინო. დღეს ადამიანები სახლის პირობებში აკეთებენ და ყიდიან უამრავ ნივთს ან სერვისს: სანთლები, მაისურები, საკვები, ბიჟუტერია, რვეულები, ბლოკნოტები… აუცილებლად გექნება რაიმე უნარი რაც შეგიძლია რომ შემოსავლად აქციო.
არაფორმალური განათლება ზოგჯერ ფასიანია, თუმცა ბევრად იაფი, ვიდრე უმაღლესი განათლება. უფასო კურსები და ტრენინგებიც არის ხანდახან. ინტერნეტშიც ძალიან ბევრი რესურსია იმისთვის, რომ ძირითადი ინფორმაცია შეაგროვო. შემდგომ, თუ აღმოაჩენ, რომ ძალიან კარგად გამოგდის შენი არჩეული საქმე, უფრო თამამად გადადგამ ფორმალური განათლებისკენ ნაბიჯს და სწავლისთვის შეიძლება სესხიც კი აიღო, რადგან ეს უკვე იქნება გონივრული ინვესტიცია, შენი და შენი ოჯახის ფინანსური უსაფრთხოებისთვის.
- ინგლისური ენა წამყვანია თითქმის ყველა ბიზნეს საქმიანობაში, ამიტომ მაქსიმალურად ეცადე ისწავლო ინგლისური იმ დონეზე მაინც, რომ ინტერნეტით განათლების და რესურსების მიღება შეძლო. ამის უამრავი მეთოდი არსებობს, იყიდე წიგნები, უყურე YouTube ვიდეოებს, უყურე ფილმებს და სერიალებს, გადმოწერე უფასო აპლიკაციები ენის სასწავლებლად. თუ ვერანაირად სწავლობ დამოუკიდებლად, აუცილებლად შედი ინგლისურის კურსებზე – ეს ნამდვილად გონივრული ინვესტიციაა.
თუ შენი არჩეული სფერო არ საჭიროებს ინგლისურის ცოდნას, ცხადია ამაზე არ დაკარგო დრო. არ არის აუცილებელი შენც ის აკეთო რასაც ყველა უწევს რეკომენდაციას. „ენები კარგია“ ამბობს ხალხი. კი, ენების ცოდნა კარგია. თუმცა, თუ ადამიანი ფერმერია და მისი ბიზნესი წარმატებით მუშაობს უცხოური ინვესტიციების და გარე ბაზარზე ექსპორტის გარეშე, შეუძლია ის დრო (და ფული) ისევ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს, იმ კუთხით რაც მართლა შედეგს მოუტანს, ვიდრე ისწავლოს ინგლისური, რომელიც შეიძლება არც დასჭირდეს.
- თუ ინგლისურს ისწავლი, იქვე ისწავლე ონლაინ მარკეტინგი და გაუკეთე შენს ბიზნესს უფასო რეკლამა სოციალური ქსელების საშუალებით. ესეც დასწავლადი უნარია – არის უამრავი რესურსი ინტერნეტში (ამ რესურსების ათვისებაში ინგლისურის ცოდნა დაგეხმარება). დაიწყე საიდანღაც, თავიდან შეიძლება არ იყოს ხარისხიანი შენი რეკლამა, შენი ვებგვერდი, შენი ინსტაგრამ პროფილი – არაუშავს, ნელ-ნელა ისწავლი.
ფინანსური უსაფრთხოება თუ არ გეგმავ მუშაობას
თუ არ გაქვთ დრო ან სურვილი აწარმოოთ მცირე ბიზნესი, ან რაიმე ფორმით გამოიმუშაოთ დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო, ამაში ცუდი არაფერია. ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, სხვა ფორმით იქონიეთ „ყოველი შემთხვევისთვის“ გეგმა, რომელსაც გამოიყენებთ, თუ თქვენი არსებული შემოსავალი რამენაირად შეწყდება.
ორი მიმართულებით რომ დაიზღვიოთ თავი: შემოსავლიანი უნარი და ყულაბა.
- შემოსავლიანი უნარი. დაფიქრდით, ხვალ რომ შემოსავლის წყარო შეგიწყდეთ რა უნარით ირჩენთ თავს? ეს უნარი შეინარჩუნეთ, რომც არ მუშაობდეთ მაგ მიმართულებით ამჟამად. თუ არ გაქვთ შემოსავლის მომტანი უნარი, იქნებ განვითარდეთ მაგ მხრივ და რაიმე მოიფიქროთ (ამაზე ზემოთ ვწერე). არ არის აუცილებელი, ეს უნარი ამ ეტაპზე იმდენად შემოსავლიანი იყოს, რომ შეეძლოს თქვენი საჭიროებების მთლიანად დაკმაყოფილება. უბრალოდ, თუ სხვა გამოსავალი არ დაგრჩებათ და მოგიწევთ იმუშაოთ, ამ უნარის საშუალებით შეძლებთ ფეხზე დადგომას.
- ყულაბა. თუ გაქვთ რაიმე შემოსავლის წყარო, იქნება ეს მშობელი, პარტნიორი, თუ ვინმე სხვა, რაღაც პროცენტი ყოველთვის გადადეთ საკუთარ დაგროვებით ანაბარზე, რომელზეც წვდომა გექნებათ მხოლოდ თქვენ. ეს არ იქნება ოჯახის „შავი დღის“ ანაბარი, არც ბავშვების სწავლის, არც არდადეგების. მსგავსი ანაბრებიც შეგიძლიათ გქონდეთ, პირიქით კარგია. მაგრამ, აუცილებლად იქონიეთ თქვენი პირადი დაგროვებითი ანაბარი, რომელშიც სასურველია ყოველთვის იყოს იმდენი თანხა, რომ 3 თვე მაინც იცხოვროთ დამოუკიდებლად, სულ რომ სახლიდან გამოგაგდონ (ქირა, გადასახადები, საკვები, წამალი – საბაზისო საჭიროებები).
დიასახლისებისთვის
თუ თქვენ არ მუშაობთ სახლის გარეთ და ხართ დიასახლისი, არ არის სწორი ფორმულირება, რომ საკუთარ თავს უწოდოთ უმუშევარი. თუ ქალი სხვის ბავშვს უვლის და სხვის სახლს ალაგებს დასაქმებულია, ხოლო თუ საკუთარს – უმუშევარი? არა! როდესაც ქალი სახლში რჩება და უვლის ოჯახს, ის მუშაობს. მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირასაც, არდადეგებზეც, ზაფხულშიც და ახალ წელსაც. დიასახლისი ქალი ოჯახს უზოგავს ძალიან დიდ თანხებს და ის არავის ვალში არ არის, იმიტომ რომ სახლში რჩება (პირიქით). შესაბამისად, დიასახლის ქალს აქვს სრული უფლება, ოჯახის შემოსავლიდან, ყოველთვიურად, საკუთარ ანგარიშზე გადადოს მცირედი თანხა. ეს შეიძლება განიხილოთ მეუღლესთან ერთად და შეთანხმდეთ მისაღებ სისტემაზე, თუმცა ამაში უხერხული არაფერია და არ გეგონოთ, რომ არ გეკუთვნით. გეკუთვნით!
თუ მეუღლე ამაზე გაბრაზდება და გეტყვით, რომ არ გჭირდებათ არანაირი „დაზღვევა“ რადგან ის მუდამ უზრუნველყოფს თქვენს კეთილდღეობას, სასურველია გაესაუბროთ წყვილების თერაპევტს. თქვენ რომ გქონდეთ პირადი დაგროვების ანაბარი არის თქვენი უფლება და რეკომენდაცია. თუ ამ უფლების დაცვა და თავის გამართლება სჭირდება, შეიძლება უფრო დიდი პრობლემები იყოს ურთიერთობაში ვიდრე მხოლოდ ეს საკითხი და გჭირდებოდეთ პროფესიონალური დახმარება ქორწინებაში საკუთარი სივრცის და დამოუკიდებლობის დასაცავად.
აქვე, თუ ჯერ არ იმყოფებით ქორწინებაში და გეგმავთ, შესაძლოა განიხილოთ ქორწინების შეთანხმება, რაც არის იურიდიული დოკუმენტი და ივსება იურისტთან ერთად, ორივე პირის ფინანსური უსაფრთხოების დასაცავად. ეს გაგიადვილებთ პროცესებს, თუ მოგიწიათ განქორწინება – ყველაფერს შეასრულებთ ამ დოკუმენტის მიხედვით და არ მოგიწევთ სახლზე, შემოსავალზე, ალიმენტსა და სხვა საკუთრებებზე დავა.
თუ ოჯახი არ გიწყობთ ხელს იმაში, რომ მიიღოთ განათლება და შეიძინოთ მომგებიანი უნარები, აუცილებლად დააყენეთ ამის საკითხი (თუ სურვილი გაქვთ, ცხადია) და თუ დაგჭირდათ, აქაც ჩართეთ თერაპევტი. თუ ხართ დიასახლისი და გსურთ ისწავლოთ ინგლისური, თუმცა კვირის განმავლობაში ვერანაირად პოულობთ დროს, აუცილებელია ამაზე გქონდეთ დისკუსია ოჯახის ყველა წევრთან და დააყენოთ თქვენი განათლება პრიორიტეტად. ყველას შეუძლია ცოტ-ცოტა მოინდომოს და შეგიწყონ ხელი, რომ განვითარდეთ. ქმარი დაღლილი მოდის და ბავშვებს ვერ დაიტოვებს საღამოს? თქვენ მთელი დღე თუ სახლში ხართ, თქვენც მუშაობთ, თქვენც იღლებით. თუ გსურთ საღამოს ინგლისურის კურსებზე წახვიდეთ, თქვენ ამის უფლება გაქვთ და თუ დაღლილი ქმარი ბავშვებს დაიტოვებს, ამის გამო მასთან ვალში არ ხართ.
***
ქალს აქვს უფლება, მიიღოს განათლება, განივითაროს უნარები, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი. არავის აქვს უფლება ამ მიმართულებით შეგზღუდოთ, დაგაკნინოთ, თავი ცუდად გაგრძნობინოთ და შეგიშალოთ ხელი განვითარებაში. ასევე, არ არის აუცილებელი აკეთოთ ის, რასაც სხვები აკეთებენ იმისთვის, რომ იყოთ ფინანსურად კარგად. ბევრი ადამიანი ხარჯავს ძალიან დიდ დროს იმ გზაზე, რომელმაც ფინანსური წარმატება მოუტანა მის მეზობელს. ზოგჯერ ამ გზაზე ჩამოვრჩებით, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვუბამთ ფეხს. შემდეგ გვივარდება თვითშეფასება, გვგონია, რომ ან ძალიან დავაგვიანეთ, ან უნარები არ გვაქვს წარმატებისთვის. არადა, შეიძლება უბრალოდ არასწორ გზაზე ვდგავართ და ფუჭად ვეწვალებით იმას, რაც არ არის ჩვენთვის სასარგებლო.
თუ ფინანსური განვითარების გზაზე აწყდებით დაბრკოლებებს, აუცილებლად მიმართეთ თერაპევტს და მხარში დაუდექით საკუთარ თავს. არასდროს არ არის გვიან, შემოაბრუნოთ ცხოვრება იმ მიმართულებით რომელსაც თქვენ იმსახურებთ.