უძრავი სხეული

უძრავი სხეული

როდის დაიწყო?

სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს.

შეიძლება, ეს ყოფილიყო პირველი გარტყმის შემდეგ?

ან ბავშვობაში, მუდმივი გარიყვის შემდეგ?

იქნებ მაშინ, როდესაც მშობლებმა ჩემს პირველ შეყვარებულზე დაქორწინება იმის შიშით მაიძულეს, რომ მეზობელი ოჯახს გარიყავდა, ზურგს აქცევდა და მათ ქალიშვილს არაქალიშვილად ჩათვლიდა?

არ მახსოვს.

მოვლენები უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც ხანდახან ელვარებს გონებაში და ხანდახან მხოლოდ ხმაურად, საშინელ ხმაურად ისმის.

მაგრამ იცით, რა არის, ყველაზე ძნელი?

როდესაც ნათებაც მიყუჩდება და ხმაურიც…

შემდეგ იწყება ნაცრისფერი სიბნელე, რომელსაც მე პირადად ჩემს ციკლურ სამოთხეს, ანდაც თუ გნებავთ – ჯოჯოხეთს ვუწოდებ…

როგორი იყო გაცნობეირება?

მე მგონია, რომ ერთად დავიბადეთ, მე, ჩემი დაავადება და შეგუება.

დაახლოებით 7 წლის ასაკიდან, როდესაც საკუთარი თავის დაზიანება დავიწყე, ვერ ვხვდებოდი, რომ რაიმეს არასწორად ვაკეთებდი. მეგონა, რომ ადამიანები ასე იქცევიან და რომ ეს სწორია. ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ შინაგანი ტკივილის გარეთ გამოტანა, სწორედ ასე – ფიზიკურ სიმახინჯეებში გამოიყურება.

კედლებს ვუტყამდი თავსა და ზურგს, ვიზიანებდი სხეულის იმ ნაწილებს, რომლებიც ტანსაცმლით იყო დაფარული, ვეყუდებოდი სიცარიელეს და ძალიან ხშირად, საოცრად მდომებია მაღალი სართულიდან, სწორედ ამ სიცარიელის მორევში გადაშვება.

ეს იყო ბავშვობაში.

და ასე არის ახლაც.

ეს არ ყოფილა გაცნობიერება, ეს იყო ჩვენი, ორივესი (ანდაც, იქნებ მეტნი ვართ?!) ერთად გაზრდა. ეს არ იყო ან სწორი, ან არასწორი. ასეთი იყო და არის ჩემი ცხოვრება.

როგორ გამოიხატება?

ერთადერთი კომფორტი, რაც გამაჩნია არის ის, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო წლებში, აღარავინ მაიძულებს ვაკეთო ყოველდღიური, რუტინული და დამღლელი საქმე. თუნდაც ითვლებოდეს ჭურჭლის რეცხვა ან სახლის დალაგება.

მაგრამ რთულია, როდესაც გაქვს საწოლიდან ადგომის ვალდებულება. რთულია, როდესაც შენზე დამოკიდებულნი არიან პატარა, უსუსური და მგრძნობიარე არსებები. 

რთულია, როცა მათ ვერ აგებინებ, რომ დედა უბრალოდ უნდა იწვეს. 

ჰორიზონტალურ ფორმაში მოსული იდეები, აზრები, ცოდნები – ყველაზე ბედნიერი რამ არის, რაც კი შემიძლია შევიგრძნო; დღემდე, 36 წლის ასაკამდე, მე ისევ ვეშვები ხოლმე წარმოსახვით მორევში, თუმცა, ჩემს განათლებასთან ერთად, განვითარდა წარმოსახვის უნარიც, განვითარდა შესაძლებლობები და რაც უცვლელი დარჩა – ეს არის გამბედაობის ვერ მოძიება, ვერ მოპოვება.

როდესაც ბავშვი ვიყავი, ეს ფიქრი მშვიდად მოდიოდა, აი, მაგალითად – დავწვებოდი და საათობით, თვალდახუჭული, გულზე ხელებდაკრეფილი წარმოვიდგენდი, როგორ ვემშვიდობებოდი იმ პაწაწინა კესანებს, ბებიაჩემი რომ ბარტყისთვალებს უწოდებდა ხოლმე.

დავწვებოდი და წარმოვიდგენდი, როგორ შეიძლება, რომ დაასრულო ის, რასაც ალბათ, მე აღვიქვამდი მწვავედ და ალბათ, არც იყო სხვებისთვის დასამახსოვრებელი.

ვიწექი ასე საათობით და ვფიქრობდი, რომ უკვე წავედი.

ვუყურებდი ჩემს უძრავ სხეულს და მე ეს მომწონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე არა შვილი, არამედ – შვილების დედა მქვია, საკუთარ თავს ნათლად ვხედავ, როგორ ვკონწიალობ ჰაერში და იცით რა არის საოცარი? – მე ეს მომწონს. 

როდის დასრულდება?

დასრულდება-კი? ისე შევეჩვიე ამ მდგომარეობას, უემოციობას, რომ არც კი ვიცი, როგორი შეიძლება იყოს სხვანაირი ყოველი დღე და ყოველი წამი.

ჩემი ცნობიერის აღმოჩენისა და აღმოცენებისთანავე, ეს მდგომარეობა, ეს რუტინა, ეს ხასიათი – ჩემია, შეიძლება შეძენილი, შეიძლება დასწავლილი, შეიძლება თავდაცვითი, მაგრამ ჩემი ნაწილი, რომელიც ვიცი, რომ ყველაზე ბნელია, რაც კი შეიძლება არსებობდეს მთელს სამყაროში. 

ვიცი, რომ ღირს დამუნათებად, ვიცი, რომ ღირს მკურნალობად, ვიცი, რომ ღირს გადალახვად, მაგრამ რა იქნება შემდეგ? როგორი იქნება პროცესი? როგორი იქნება და რა ფერი ექნება ხალისს, მხიარულებას, ბედნიერებას? როგორ შეიძლება, რომ ვთქვათ – ეს ყველაფერი რეალურია, მე გადავლახე ნისლი და ბურუსი, მე ახლა ვცოცხლობ!

არ ვიცი, არც მოლოდინი მაქვს და არც მზაობა, მაგრამ, იქნებ შეიძლებოდეს და იყოს სადმე შველა, იქნებ ღირდეს საკუთარი თავის ისევ დათმობა ამჯერად უფრო მეტი ყვითელი ფერისათვის?

ვიცი, რომ უნდა დასრულდეს.

არ ვიცი – როდის.

ახლა, ამ წუთას, მე ისევ წოლა მირჩევნია…

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *