სილუეტი

ერთხელ, მაშინ, როცა ჩემი სხეული სამომავლო ფორმების ჩამოყალიბებას შეუდგა, ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც 4 წლით უფროსია ჩემზე, მასზე 2 წლით უმცროსი შეყვარებული გამაცნო. ურთიერთობების საწყის ეტაპზე ვიყავით ასაკით, ბიძაჩემი კი უშლიდა სკოლიდან გარიცხულ ბიჭთან ურთიერთობას.

ჰოდა, გავხდი მათი სიყვარულის მფარველი და ხელისშემწყობი – ხანდახან მოვიკატუნებდი ხოლმე თავს, ვითომ ცუდად ვარ და ჩემი ბიძაშვილი აფთიაქში, ხან მაღაზიაში, ხან საწერი კალმის საყიდლად „მეგზავნებოდა“. მაშინ გავიგე პირველად სიტყვა სექსი და ის წარმოდგენა, რომ ბავშვები ბიჭის შარდის გადაყლაპვისგან ჩნდებოდნენ, უფრო და უფრო გაუფერულდა. დროთა განმავლობაში, სოფლის იმ კუნჭულებში, სადაც მათი სიყვარულის ბუდე იყო მოწყობილი, ბალახი დაიტკეპნა. გოგომ მიაღწია სრულწლოვან ასაკს და როგორც წესი და რიგია, ტენტში ქორწილი გადაიხადეს.

კარგი ბიჭი გამოდგა ეს ჩვენი სიძე, ძალიან ზრუნავდა ჩემზე, ცდილობდა, მარტო არსად გავეშვი, სადილის თუ საუზმის დროს აუცილებლად შუაში, ჩემსა და მისი ცოლის გვერდით ჯდებოდა და ყოველთვის მთავაზობდა კერძის გადაღებას, მარტო არ მტოვებდა, შარვალზე, საჯდომთან წიწვის მეოთხედიც კი მომაშორა ერთხელ.

ქორწილიდან 8 თვის შემდეგ, მათ ახალ სახლში ვესტუმრე. ჩემი ბიძაშვილი უკვე ოფიციალურად დაგორავდა ტყუპებით მუცელში და ყველანი ველოდებოდით მომავალი გვარის გამგრძელებლების დღე-დღეზე დაბადებას. დრო არც ისე სახარბიელო იყო, ჯერ კიდევ ხშირად ითიშებოდა დენი და ზუსტად იმ წამს, როცა საღამურს ვიცვამდი, კართან რაღაც მომელანა სიბნელეში, თითქოს სილუეტი გაკრთა. რა სისულელეა! საიდან ეს შიშები? მაგრამ, მაინც გადავწყვიტე ფანჯრის დაკეტვა, ვერ მივწვდი და ჩემს საყვარელ სიძეს დახმარება ვთხოვე (რადგან ვიცოდი, რომ ბიძაშვილი უკვე იწვა). საოცარია, ისე მალე გაჩნდა ჩემს ოთახში, მისი 4-ასოიანი სახელი ბოლომდე არც მქონდა წარმოთქმული. ფანჯარა დამიხურა და ღამე მშვიდობისა მისურვა – მოუხვდა ტუჩები ტუჩებში და კოტიტა თითები ჩემს კეფაზე. მეტის ღირსი ვარ-მეთქი, – ვფიქრობდი ჩემთვის, – რომ ეძახი შენს საძინებელში სხვის ქმარს, განა ასეთი მინდოდა, ყოფილიყო ჩემი პირველი კოცნა?!

ალბათ მომეჩვენა-მეთქი რამე, ხვალ ხომ ახალი დღე გათენდება. მეორე დღეს, მართლაც დავრწმუნდი ჩემს პარანოიაში, შემთხვევითობაში და მეორედ ამის განუმეორებლობაში.

ორი დღის შემდეგ, ჩემს ბიძაშვილს ვეხვეწებოდი, გამომყოლოდა იქვე ძალიან ახლოს, გვირილების დასაკრეფად; მეშინოდა, ქვეწარმავალს არ გადავყროდი და მინდორში არ ამომხდომოდა სული. ის არც აპირებდა საწოლიდან ადგომას, თუმცა დაჟინებით მოითხოვა, „ჩაბარებული ბავშვი ხარ და ჩემი ქმარი გამოგყვება, მარტო არ გაგიშვებო“. კი ვიუარე, მაგრამ კარში გასვლისას ჯენტლმენურად ხელით მანიშნა, ჯერ მე გამევლო, წინ გაწეული ხელი კი ისევ ისე დატოვა და ფეხებს შუა ღონივრად ამომისვა. დაბნეულობისგან ბოდიში მოვუხადე და გზად მიმავალი უკვე ვფიქრობდი, რომ ძალიან, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი.

მინდორში გასასვლელად ერთი კაცის სიმაღლე მაყვალში უნდა გამძვრალიყავი. არც ეს აზრი მხიბლავდა დიდად. ის ხომ იქ იდგა,  ჩემი ჰაერით სუნთქავდა! ვიგრძენი, მკერდზე მისი ხელივით სწრაფად როგორ მოვიდა ჩემში გვირილების ზიზღი და ორი დღის წინანდელი (ჩემს დასახვედრად გაშლილი) სუფრის გემოც ვიგრძენი მისი გაზეპილი შინაგანი ორგანოებიდან. მისი სახელი უნდა წარმომეთქვა (და ეს სულაც აღარ იყო ადვილი), უნდა მეყვირა – მომშორდი! მოაშორე ჭუჭყიანი ხელები ჩემს სუფთა კანს – ყველგან! – მაგრამ ენა ვერ ბრუნავდა და მხოლოდ მუხლის ამორტყმა შევძელი…

გავიდა წლები და იმ დღის შემდეგ, ისინი აღარ მინახავს. მხოლოდ ერთხელ, როცა მეც გავთხოვდი, ისევ შევიკრიბეთ ყველანი ძველ სახლში, სადაც ბავშვობები გვაქვს გატარებული. ქმრების ლხინის სუფრას განცალკევებულ ოთახში ჩართულ ძველ ტელევიზორთან შევეფარე. მოვიდა. ყელთან ისევ ვიგრძენი ბინძური ხელი, სხვა კაცის ხელი, მოძალადის ხელი… თუმცა, ამჯერად თვითდაჯერებულად და დაგროვილი ზიზღით დავტოვე მის კანში ჩარჭობილი ჩემი ფრჩხილები.

ღამე, ანდაც გამთენიისას, როცა ჩემს ქმარს ჩემსავე შიშველ სხეულთან ეძინა, კართან ისევ წარსულივით მომელანდა რაღაც, სიბნელეში, თითქოს სილუეტი გაკრთა. რა სისულელეა! საიდან ეს შიშები…

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *