სექსუალური შევიწროება და სექსუალური ძალადობა – რა უნდა ვიცოდეთ?

სექსუალური ძალადობა

რა არის სექსუალური შევიწროება?

“სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან ღირსებას ულახავს.” (ტაბულა. 2018)

წაიკითხეთ სტატია ვრცლად აქ.

რა არის სექსუალური ძალადობა?

სექსუალური ძალადობა არ არის მხოლოდ გაუპატიურება პენეტრაციით.

სექსუალური ძალადობა გულისხმობს სუბიექტის ნებართვის და თანხმობის გარეშე, მის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერი ტიპის სექსუალური ხასიათის აქტს:

  • რეპროდუქციულ ორგანოებზე (მოძალადის და/ან მსხვერპლის) შეხება, თანხმობის გარეშე;
  • შანტაჟით და დაშინებით მიღებული თანხმობა სექსუალური ხასიათის აქტ(ებ)ზე
  • თანხმობისა და ნებართვის გარეშე, აყურებინებენ სექსუალური ტიპის ქმედებების ყურება/ჩვენება;
  • ძალით კოცნა, მოფერება და ჩახუტება

ეს ყველაფერი სექსუალური ძალადობაა.

აქვე, პატარაობიდანვე ასწავლეთ ბავშვს ნებაყოფლობითი თანხმობის შესახებ. ჰკითხეთ ნებართვა კოცნის და ჩახუტების დროს. არ დააძალოთ სხვას ჩაეხუტოს ან კალთაში ჩაუჯდეს. არ უჩქმიტოთ და/ან უკბინოთ ლოყებზე მისი ნებართვის გარეშე. (მოიხმარეთ ლოგიკა და კონტექსტი – მცირეწლოვან ბავშვს შეიძლება ვერ სთხოვო ნებართვა დაბანის დროს, თუმცა მანდაც შეიძლება ვაგრძნობინოთ რომ ვითვალისწინებთ მის სურვილებს და პატივს ვცემთ მის სხეულს.)

ვინ არის მოძალადე ყველაზე ხშირად? – ნაცნობი.

მოძალადე ყველაზე ხშირად არის მსხვერპლისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი. ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, მასწავლებელი.

„რა აცვია“ მსხვერპლს? – ტანსაცმელი.

კითხვა „რა ეცვა მას?“ ან იმის მინიშნება, რომ მას ეცვა გამომწვევი ტანსაცმელი, რამაც განაპირობა ძალადობა,

პასუხისმგებლობას ნაწილობრივ აკისრებს დაზარალებულ პირს.

რა ეცვა მსხვერპლს

ხშირად ადამიანზე ძალადობენ მის სახლში, ოჯახში, სამსახურში – ადგილებში სადაც მას აცვია „ჩვეულებრივი ტანსაცმელი“. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი ჩაიცვას ის, რაც სურს და კონკრეტული ტიპის ჩაცმულობა არ არის იგივე რაც რაიმე ტიპის სექსუალურ აქტზე ნებაყოფლობითი თანხმობა.

ნახეთ ვრცლად აქ

სად, რა სიტუაციაში ხდება ძირითადად მსგავსი ტიპის ძალადობა?

სექსუალურ ძალადობაზე რომ ვფიქრობთ, ალბათ წარმოგვიდგენია ბნელი ქუჩა, მიყრუებული ადგილი. თუმცა, ყველაზე ხშირად, სექსუალური შევიწროება ხდება სასწავლებელში (სკოლა/უნივერსიტეტი) და სამსახურში. ხოლო სექსუალური ძალადობა ხშირად ხდება მსხვერპლისთვის ნაცნობ, უსაფრთხო ადგილას. მაგალითად მისსავე სახლში, ან მეგობართან.

მოძალადე, ხშირ შემთხვევაში, არჩევს ისეთ სიტუაციას, სადაც მსხვეპრლი მას ენდობა. ბავშვზე ხშირად ძალადობენ თამაშის დროს, ან ტელევიზორის ყურების დროს ტახტზე, აუზში, პიკნიკის დროს ტყეში. ქალზე ხშირად ძალადობენ მისივე ან მისი მეგობრის სახლში.

ზოგჯერ, მოძალადე არჩევს ისეთი ფორმის ძალადობას, რომელიც შეუძლია თამაშში ან მოფერებაში გაიყვანოს. მაგალითად “არა, მე სულ ვეხუტები მას, ასე ვთამაშობთ ხოლმე” ან “ტაკოზე ზოგჯერ წამოვარტყამ ხოლმე” ან “ჩვენ ნათესავები ვართ, რა მოხდა თუ ტიტველი დამინახა, აბაზანიდან გამოვდიოდი.”

(აქვე, ყველა ჩახუტება და ყველა ნათესავის შემთხვევით ტიტველი დანახვა არ ნიშნავს ძალადობას. გამოვიყენოთ ლოგიკა და კონტექსტი)

აგრეთვე, მაგალითად, ტრენერი ეხმარება ადამიანს გაწელვაში და მოკიდებს ხელს გენიტალიებთან ახლოს. ვინმემ რომ ჰკითხოს “უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა.” ამ შემთხვევაში პროფესიონალმა იცის, რომ ნებართვა უნდა იკითხოს, დამსწრე ჰყავდეს, ან რაიმე სხვა ფორმით აარიდოს სუბიექტს უხერხულობის განცდა და დისკომფორტი. სხვა შემთხვევაში, ეს ქმედება, კონტექსტის მიხედვით, უნდა განვიხილოთ როგორც შევიწროება და/ან ძალადობა.

აქვე, ექიმთან თუ გიწევთ გახდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ სხვა პირის დასწრებაც (მაგალითად, ექთანი ან თქვენი ახლობელი). თითოეულ ქმედებამდე, ექიმმა უნდა გაგაფრთხილოს რას აკეთებს, მაგალითად „ახლა ფონეიდოსკოპს დაგადებ მკერდზე“ ან „ახლა გაგისინჯავ მუცელს.“ ექიმი უნდა ცდილობდეს მინიმალურად იყოს პაციენტი გაშიშვლებული და ამისთვის იყენებს ზეწარს, რადგან შიშველი იყოს მხოლოდ ის ზონა რომელიც უნდა გასინჯოს.

მგონი ჩემზე იძალადეს, მაგრამ არ ვიცი ზუსტად ეგ ძალადობაა თუ არა. რა უნდა გავაკეთო?

განმარტებით ძალადობაა, თუ არ არის ძალადობა, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჯერ გავარკვიოთ, რა ზიანი მოგაყენეს. თუ მიიღეთ ემოციური ტრავმა, სასურველია ამაზე დაელაპარაკოთ თერაპევტს. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლებოდა რაიმე ტიპის დაავადება გადაგდებოდათ ან რაიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ სურვილი გაქვთ, რომ კანონიერად დაისაჯოს მოძალადე, გაესაუბრეთ ადვოკატს.

არ მისცეთ არავის უფლება გითხრან “ეგ რა ძალადობაა, გაატარე”. თუ თქვენ მსგავსმა ფაქტმა დისკომფორტი შეგიქმნათ, მოახდინა თქვენზე უარყოფითი ზეგავლენა, იქნება ეს ფიზიკური, თუ ემოციური ტრავმა, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო დახმარებაც მიიღოთ. მიუხედავად იმისა, არის თუ არა იურიდიული განმარტებით ძალადობა მომხდარი ფაქტი, თუ თქვენ ასე თვლით, ესე იგი, დიახ, თქვენზე იძალადეს.

პარტნიორი (რომელიც მიყვარს) მაძალებს სექსს, ძალადობაა?

კი, ცოლი, ქმარი, შეყვარებული, პარტნიორი, ვინც არ უნდა იყოს, თუ გაძალებს სექსს ან სხვა ტიპის სექსუალურ აქტს, ეს ძალადობაა.

თუ ავედი ადამიანთან სახლში, დავიწყეთ ფლირტი და კოცნა, მაგრამ მერე მე აღარ მომინდა სხვა არაფერი, იმან კი დამაძალა. ძალადობაა? ჩემი ბრალია?

კი, ძალადობაა და არა, შენი ბრალი არ არის. შენ სულ რომ გაიხადო, საწოლში ჩაუწვე ვინმეს, სქესობრივი აქტი დაიწყო და მერე გადაიფიქრო, თუ არ გაჩერდა ის ადამიანი როცა ეტყვი, რომ აღარ გინდა, ეს ძალადობაა. 

კაცებზეც ძალადობენ სექსუალურად?

კი. კაცებზეც ძალადობენ, მეტწილად ახალგაზრდებზე და ბავშვებზე.

ყველაზე ხშირად ძალადობენ ქალებზე და LGBTQ+ ადამიანებზე.

რას ფიქრობს მსხვერპლი?

ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლი ფიქრობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობა მისი ბრალი იყო.

ემოციები: სინდისის ქენჯნა, სირცხვილი, ზიზღი (საკუთარი თავის და/ან მოძალადის მიმართ).

მსხვერპლი აგრეთვე ეჭვობს, იყო თუ არა ეს ძალადობა; დაუჯერებენ თუ არა მას, მით უმეტეს თუ მტკიცებულება არ აქვს. ზოგჯერ ფიქრობს ღირს თუ არა აჟიოტაჟი, როდესაც მოვლენა უკვე მოხდა და “დიდი არაფერი ზიანი” არ მიაყენეს მას.

ასევე, ხშირია შიში, უარეს შემთხვევაში პარანოია, რომ იგივე განმეორდება, ან რომ მოძალადე მას დამატებით ზიანს მიაყენებს. ზოგჯერ, მსხვერპლი ფიქრობს, რომ თუ ამხილა მოძალადე, ის მას ან მის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდება.

მსხვერპლს აგრეთვე შეიძლება განუვითარდეს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), შფოთვა, შიშები და სხვა მენტალური პრობლემები.

საჭიროა თერაპია?

თერაპევტთან გასაუბრება აუცილებელია, რადგან მან შეაფასოს თქვენი მენტალური მდგომარეობა. შეიძლება რამოდენიმე სესია დაგჭირდეთ, შეიძლება განხგრძლივი მკურნალობა, მედიკამენტებით, ან მათ გარეშე.

მკურნალობისა და ყურადღების გარეშე დატოვებული ტრავმა, მრავალ ზიანს აყენებს მსხვერპლს და მის გარშემო მყოფებს.

ვარ ძალადობის მსხვერპლი, თუმცა არ მაქვს არანაირი მტკიცებულება. არ ვიცი როგორ მოვიქცე, ვის მივმართო?

ერთიანი საგანგებო ნომერი: 112

მოქალაქეთა საკონსულტაციო მომსახურება: 116 006

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 15 05

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *