რასიზმი იაპონიაში – მარიამ ინაბას ნაამბობი

მარიამ ინაბა
31 წლის მარიამ ინაბა უკვე თითქმის 8 წელია, რაც იაპონიის ქალაქ კიოტოში ცხოვრობს და მუშაობს. იაპონიის განათლების სამინისტროს პროგრამით ქალაქში 2013 წელს, საკურას ყვავილობისას ჩავიდა და თავისუფალ დროს ინგლისურსა და ქართულს ასწავლიდა, შემდეგ კი ბუდისტურ ტაძარში გიდად მუშაობას მიჰყო ხელი. სწორედ მაშინ, პირველად იაპონელი სტუმრებისგან გამოსცადა საკუთარ თავზე როგორი იყო რასიზმი. ბულინგსა და შეურაცხყოფას კი ის შესაბამისად პასუხობდა.
დისკრიმინაციული დამოკიდებულება და რასიზმი მისი მეუღლის ოჯახის წევრების მხრიდანაც არაერთხელ გამოუცდია:
“ – იაპონური და ქართული მენტალიტეტი ოჯახში ქალის მიმართ მოპყრობის კუთხით ჰგავს ერთმანეთს. მათი რწმენით, ქალს არ აქვს უფლება დაინტერესდეს მეუღლის საქმიანობით, ერთადერთი, რაც მას ევალება სახლში ლოდინი, საკვების მომზადება, ბავშვების გაზრდა და ღიმილით კარის გაღებაა.
ერთობლივი ცხოვრების დაწყების პირველ ეტაპზე, კულტურული სხვაობის გამო, მცირე უთანხმოება ჩვენც გვქონდა, თუმცა გულწრფელმა საუბარმა და წყენის არ დამალვამ პრობლემები მოაგვარა და დღეს ერთმანეთს ყველაფერში ვგულშემატკივრობთ, ვიცავთ და გვერდში ვუდგავართ.”
საინტერესოა, რომ მსგავსი დამოკიდებულების მიუხედავად, იაპონიაში ქალის მიმართ ეკონომიკური ძალადობის მაჩვენებელი არც ისე დიდია, რადგან “ოჯახის უფროსი” მთლიან ხელფასს მეუღლეს უნდა აბარებდეს, ის კი თავისი ნებით განკარგავს როგორც ნებისმიერ ხარჯს, ასევე ქმრის ყოველდღიურ ბიუჯეტსაც.
მარიამისა და კოსუკეს დამოკიდებულება ამ მხრივადაც განსხვავებულია – ოჯახს ერთობლივი ბიუჯეტი აქვს, შესაბამისად ხარჯებიც სურვილისამებრ, შეთანხმებულადაა გადანაწილებული.
2017 წელს ქართული ღვინის კომპანია “თბილღვინოსთან” ღვინის გამოფენაზე თარჯიმნად ვმუშაობისას მარიამმა მისი მომავალი ბიზნესპარტნიორი გაიცნო, რომელიც ქართული სუფრის მოტრფიალე აღმოჩნდა.
ქართული რესტორნის გახსნისათვის სამზადისი მალევე დაიწყეს. საკუთარი ხელით შეიმუშავეს კონცეფცია, მენიუ, ინტერიერისა თუ ჭურჭლის დიზაინი და ავეჯის განლაგება.

“ – მზარეულებისთვის ქართული კერძების მომზადების წესი, გემოები და გაფორმება მე უნდა მესწავლებინა, რადგან ამის გამოცდილებაც და ოფიციალური სერტიფიკატიც მქონდა, თუმცა, გასაუბრებაზე მისული ყველა მზარეული დაიწუნეს. ერთ-ერთ ვახშამზე კი დამფუძნებელმა მე შემომთავაზა შეფობის საკუთარ თავზე აღება. ახლაც მახსოვს ის ემოციები და შიში, რაც მაშინ დამეუფლა. უწყვეტ რეჟიმში დავიწყე დეტალების შესწავალა ამა თუ იმ კერძზე და საბოლოოდ რესტორანში მთავარი ადამიანიც აღმოვჩნდი.
როგორც ველოდი, საკმაოდ რთული იყო მაქსიმალურად მოკლე დროში იდეალური კერძის მომზადებაც და ხარისხიანი მომსახურების გაწევაც, თუმცა აზარტულთან ერთად ეს ყველაფერი საინტერესო და გამოცდილებისათვის აუცილებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ცნობილმა ჟურნალმა ჩვენ შესახებ დაწერა, მომხმარებლების რაოდენობას არ ვუჩიოდით და ფეხზე დგომისაგან გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მაინც დაუღალავად ვშრომობდი, უფროსისგან ჩემდამი რასისტული დამოკიდებულება უფრო და უფრო მძაფრდებოდა.
რესტორნის გახსნიდან 1 წლის შემდეგ, დავტოვე იქაურობა და წამოვედი. რამდენიმე თვის წინ, საქართველოს საელჩომ იაპონიაში, რეკომენდაცია გამიწია ადგილობრივ ბიზნესმენთან, რომელსაც ქართული რესტორნის გახსნა სურდა. იქიდან გამომდინარე, რომ ის საქართველოში არასდროს ყოფილა, აბსოლუტურად ყველაფერი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ჩემი გასაკეთებელი იყო. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, როდესაც ანაზღაურებით დავინტერესდი, მითხრა, რომ მხოლოდ მას შემდეგ გადამიხდიდა (ქართული ფულით 14 ლარს), რაც ობიექტი გაიხნებოდა, მანამდე გაწეული შრომა კი მისთვის არაფერი იყო, რადგან მე უცხოელი ვიყავი და ჩათვალა, რომ შესაბამისი ინფორმაცია არ მექნებოდა იაპონიაში არსებულ ხელფასებზე. მენანება ჩემი დაკარგული დრო, მაგრამ იმედი მაქვს, ნორმალურ რესტორანს გახსნიან და საქართველოს არ შეარცხვენენ.”

მარიამი კიოტოს პრეფექტურის საზღვარგარეთის ბიზნეს ცენტრში კოორდინატორად უკვე მეორე წელია რაც მუშაობს და როგორც ამბობს, აქ მისთვის უცხოა ბულინგი, რასიზმი და დისკრიმინაცია.
მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად, დაფასებულად და კომფორტულად გრძნობს, მომავალში საქართველოში სურს კარიერის გაგრძელება.
“ – ჩემი ოცნება კიოტოს და თბილისის მეგობარ ქალაქებად დარეგისტრირებაა. ამ საკითხზეც ვმუშაობ, რადგანაც შეხება მაქვს კიოტოს პრეფექტურისა ქალაქის მერებთან, დიდი იმედი მაქვს ოდესმე ამ ოცნებას ავიხდენ.”