მოასპარეზე ქართველი ქალები

მოასპარეზე ქართველი ქალები

ჩვენს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების, გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიუხედავად, საქართველოს უამრავი სპორტსმენი ქალი ჰყავს, რომლებიც ამსხვრევენ მითებს, მსოფლიოს მასშტაბით ასპარეზობენ არამხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის სახელით და ქმნიან ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული ქალების ეპოქას.

მოფარიკავე და საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი – ირმა ხეცურიანი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ტყვიით სროლაში – ნინო სალუქვაძე და ლანჩხუთის ქალთა გუნდის წარმომადგენლები, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ:

ნინო ჩხარტიშვილისა და ია ალელიშვილის (ქსკ ლანჩხუთი) სპორტისადმი სიყვარული, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი, ბავშვური გართობა პროფესიულ ინტერესში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ ხშირად ყოფილან, სპორტის მიმართ ინტერესი არათუ გაუნელდათ, არამედ მიზნად თავდადება, გუნდურობა და ქალთა ერთიანი ძალებით ჩემპიონობა დაისახეს.

მოფარიკავე, საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი, ირმა ხეცურიანი, ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც ფარიკაობა დაიწყო. წარმატებისაკენ მიმავალი გზა გრძელი და რთული იყო, თუმცა ფაქტი, რომ დღეს საქართველოს პარაფარიკაობის ნაკრებში მატრიარქატია, აღსანიშნავი და საამაყოა.

“გენდერული მიმართულებით ნაკლებად, თუმცა ჩემი განსხვავებული მდგომარეობის გამო, ბევრ სტერეოტიპს ვეჯახები ცხოვრების განმავლობაში. როდესაც მგონია, რომ მსგავსი პრობლემები სრულად აღმოვფხვერი, ზოგჯერ მაინც მიწევს წარსულის უცნაური შეგრძნებების გახსენება” – ირმა ხეცურიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ქალებისათვის წარმატებისაკენ მიმავალი გზა ბევრ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული, არსებობენ ოჯახები და გარემოცვა, რომელთა ჩართულობის გარეშე, გარდაუვალი წარმატების შესაძლებლობა ბევრად ნაკლები იქნებოდა.

ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ტყვიით სროლაში, ნინო სალუქვაძე, დასახული მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთ – ბრძოლის გზას ხედავს:

“არსებობდა მოსაზრება, სტერეოტიპი, რომ საბჭოთა კავშირის გუნდში, ახალგაზრდა, (21 წლამდე), საქართველოს წარმომადგენელი და თან – ქალი, ვერასდროს მოხვდებოდა. თუმცა, საბჭოთა კავშირის დროს, 14 წლის ასაკში, მე სპორტის ოსტატი გოგო გავხდი. მამაჩემი [და ჩემი მწვრთნელი] მეუბნებოდა, რომ რეკორდი 600-დან 594 ქულაა, თუმცა არაფერი მიშლიდა ხელს, რომ უმაღლესი მაჩვენებელი ამეღო. დღეს ჩემი პირადი რეკორდი 598 ქულაა.”

დროისა და შეხედულებების ცვლასთან ერთად, დღესდღეობით, სპორტსმენი ქალების წარმატებასა და წახალისებას, სწორედ იმ საზოგადოების დიდი ნაწილი უწყობს ხელს, რომლის წევრებიც არ იჯერებდნენ და არ იწონებდნენ სპორტულ ასპარეზობებში ქალების მონაწილეობას.

“ქალები მამაკაცების მსგავსად უნდა შევეჭიდოთ შეუძლებელს. ამ ჭიდილში წარუმატებლობა კი სხვისთვის ახალ გამოწვევად უნდა იქცეს” – ამელია ერჰარტი.

ემილი ფეიქრიშვილი

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *