მე, როგორც თინეიჯერი

ავტორი: ანა კორძახია

როგორ დავიმკვირდო თავი თინეიჯერმა და როგორ მოვიქცე, თუ ახლო წარსულში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი?
ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვაწუხებს თინეიჯერებს.

თვალსაჩინოებისთვის, წლების წინ გადამხდარ პირად ისტორიას მოვყვები:

13-14 წლის ასაკში, მეც იმ თინეიჯერებს შორის ვიყავი, რომლებსაც არცთუ იშვიათად აბულინგებდნენ, ეს კი ჩემთვის ყველანაირ ფიზიკურ ჩაგვრაზე უარესი იყო.

სკოლაში არ ვიქცეოდი ისე, როგორც ჩემი თანატოლი გოგონების უმრავლესობა.

მე არ მესმოდა, როგორ შეიძლება ამ ასაკში იყო უკვე ქალი და აღიქვამდე კლასელ ბიჭს მამაკაცად. ვერ ვხვდებოდი, თუ შესაძლებელი იყო „ნებისმიერიეს მოხიბვლა“ ისე, როგორც ამაზე თანატოლები ტრაბახობდნენ.

ახლა 18 წლის, ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, ჯერ კიდევ თინეიჯერი, რომელმაც 16-17 წლის ასაკში რამდენიმე გზა სცადა, გავმხდარიყავი მათზე უკეთესი.

როგორები უნდა იყოთ? ჩემი რჩევაა, არ მომბაძოთ! არ დაემორჩილოთ უმრავლესობის მიერ აღიარებულ სტანდარტებს, არ სცადოთ საკუთარი თავის შეცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მოეწონოთ, არ სცადოთ მოერგოთ მათ ინტერესებს, თუ ეს თავად არ გსურთ. რაც მთავარია, არ კონცენტრირდეთ სხვების ბედნიერებაზე. იყავით ისეთები, როგორებიც ხართ და იმუშავეთ თვითგნვითარებაზე.


მე ვცდილობდი და დროდადრო მათ ვემსგავსებოდი, ვცდილობდი ჩავმჯდარიყავი თანატოლების სტანდარდებში, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მივხვდი, რომ ჩვენს ცხოვრებაში მთავარი ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობაა.

ახლა ყოველ დღეს ვცხოვრობ ისე, როგორც მე მსურს და არა ისე, როგორც ჩემი თანატოლები მოისურვებდნენ. სად არიან ახლა ისინი? ალბათ ცდილობენ თავიანთი ნაადრევად დამდგარი ქალურობით ნაადრევად დაკაცებული ბავშვების ყურადღება კვლავ მიიქციონ.

თინეიჯერობის ასაკი (13-19წლის ჩათვლით) საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ამ მოკლე პერიოდში, ბავშვი უამრავ ცხოვრებისეულ ცოდნას აგროვებს. იგი საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაციას იწოვს, თუმცა ამ ინფორმაციის რეალობაში აღქმას და გამოყენებას ცოტა უფრო გვიან იწყებს.

თინეიჯერი იმ პატარა ბავშვივითაა, სტუმრად მისულმა უკლებლივ ყველა ნივთს ხელი რომ უნდა შეახოს. მისი აღქმადობა რეალური სამყაროსადმი საკმაოდ დაბალია, იგი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ბავშვობიდან მოზარდობის ასაკში ინაცვლებს, ამიტომაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდში პიროვნების ფსიქოლოგია ყველაზე ხშირად იცვლება.

ამ ეტაპის განმავლობაში, ყველაზე იოლი მათთვის განსხვავებული აზრის თავს მოხვევაა. ამიტომ ჩემი, როგორც “დიდი თინეიჯერის” რჩევა “პატარა თინეიჯერისადმი” იქნება:

მიენდე საკუთარ თავს, საკუთარ რწმენას, იყავი შენი თავის მბრძანებელი და, ამავდროულად, მეგობარი. გახდი მებრძოლი. ყოველთვის იფიქრე, რომ სხვები, ვისაც ახლა მეგობრებს უწოდებ, შესაძლოა გაიფანტნონ, დაიკარგონ და მხოლოდ მათთან ერთად დაშვებული შეცდომები დაგიტოვონ, თუმცა შეცდომის გამოსწორება არასდროსაა გვიანი და შეუძლებელი.

იპოვე შენი თავი იქ, სადაც ხარ და არასდროს იმოქმედო ისე, როგორც თავად არ გსურს – დააფასე შენი საკუთარი „მე“, მას ხომ ძალიან უყვარხარ!

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *