საზოგადოებრივი ბარიერები მენტალური ჯანმრთელობის მკურნალობისას

მენტალური ჯანმრთელობა და ბარიერები

გაგიგიათ ეს ფრაზები?

  • აიყვანე თავი ხელში და აღარ იქნები ცუდად
  • რა გაქვს შენ სადეპრესიო? მშვენიერი ოჯახი და ქმარ-შვილი გყავს, არც ფული გაკლია…
  • მე რომ შენხელა ვიყავი, სად მეცალა დეპრესიისთვის!
  • არ გრცხვენია? ხალხს მართლა უჭირს და შენ კიდევ რა დღეში ხარ!
  • უი, არ გეტყობა დეპრესია, სულ იცინი ხოლმე სამსახურში.
  • ღმერთი დაგსჯის და მართლა მოგცემს სანერვიულოს!
  • შვილები არ გეცოდება? შენი ქმარი არ გეცოდება? დედაშენი არ გეცოდება? მეზობლები რას იტყვიან, მთელი დღეა წევხარ!
  • ბავშვი გააჩინე და უნდა გიხაროდეს, შენ კიდევ რა დღეში ხარ!
  • ეგოისტი ხარ!
  • გაიხედე ცხოვრება რა მშვენიერია, რა დროს დეპრესიაა!
  • ყურადღების მიქცევა გინდა და მეტი არაფერი.
  • ზარმაცი, უპასუხისმგებლო, უსაქმური, გატუტუცებული ხარ.
  • მგონი, მიეჩვიე ამ მდგომარეობას და აღარც გინდა გამოკეთდე.
  • თუ ჩემი ხათრი გაქვს მორჩი ამ დეპრესიას რა…

ამგვარი ფრაზები ოჯახში, უბანში, სამსახურში და სოციალურ ქსელში ბევრჯერ მოგვისმენია. ზოგჯერ ჩვენ გვარიგებენ ჭკუას ან სხვაზე ჭორაობენ. ხშირად, მართლა კეთილის მსურველები არიან და ვერ აცნობიერებენ, თუ რა ზიანს გვაყენებენ მსგავსი მოწოდებებით.

ქართულ საზოგადოებაში, დღეს ზოგადი კონტექსტი სამწუხაროდ ასეთია – თუ ძალიან მოინდომებ, ივარჯიშებ და სწორედ იკვებები, თუ თავს შემოუძახებ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და დეპრესიას გაუმკლავდები. ასეთი მიდგომა, ცხადია, დეპრესიას განიხილავს, როგორც ჩვენს არჩევანს და არა დაავადებას.

წარმოიდგინეთ, ადამიანს აქვს მოტეხილი ფეხი და თქვენ ვურჩევთ – „შემოუძახე შენს ფეხს, რომ შეხორცდეს უცებ, რატომ წევხარ ტახტზე მთელი დღე, არ გრცხვენია? გაიხედე გარეთ, რა კარგი დღეა! პაპაჩემს ცალი ფეხი არ ჰქონდა და ომში წავიდა მაინც!“ უკეთეს შემთხვევაში გავილანძღებით, უარესში, ყავარჯნით გაგვლახავენ ხომ? აბა, მაშ, რატომ არის მსგავსი მიდგომა ასე ხშირი, როდესაც მენტალური ჯანმრთელობა გვაქვს „მოტეხილი“? რადგან არ ჩანს რენტგენზე? (შენიშვნა: უკვე აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა სახის გაშუქებით „ფსიქიკური მოტეხილობებიც“ ჩანს. უბრალოდ, ძვირია კონტრასტული ტომოგრაფია გადავუღოთ ყველა პაციენტს, რომელსაც სხვა, უფრო იაფი საშუალებებით შეგვიძლია დავუდგინოთ შფოთვა ან დეპრესია).

სამწუხაროდ, საზოგადოება მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე, საკმარისად ინფორმირებული არ არის, რაც აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, უამრავ სტერეოტიპს იწვევს და ბარიერებს ქმნის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც დამუნათების ნაცვლად, დიაგნოსტიკა და მკურნალობა სჭირდება.

დიაბეტის მქონე ადამიანი ენდოკრინოლოგთან უნდა მივიდეს, ჩაიტაროს შესაბამისი დიაგნოსტიკა და დაიწყოს მკურნალობა, არა მხოლოდ ცხოვრების სტილის შეცვლით, არამედ მედიკამენტითაც. დიაბეტი და ენდოკრინოლოგთან წასვლა სირცხვილი არ არის. თუ ადამიანს გართულება აქვს, არ განვსჯით და არ ვეუბნებით, პირდაპირ ან ირიბად, რომ საკმარისად არ მოინდომა. თუ დიაბეტის მქონე ადამიანს განუვითარდება განგრენა და დასჭირდება ამპუტაცია, არ ვთვლით, რომ ის სუსტია და უკეთ ვერ გაუმკლავდა თავის პრობლემას. ხშირად დაავადებაზე ვბრაზობთ, თანავუგრძნობთ ავადმყოფ ადამიანს და სპეციალისტის საშუალებით მის დახმარებას ვცდილობთ.

სამწუხაროდ, მენტალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების რეალობა სხვაგვარია – მათ ამუნათებენ, უამრავ არაკვალიფიციურ რჩევა-დარიგებას აძლევენ, ან ცდილობენ სინდისის ქენჯნით და დარცხვენით „მოტივაცია მისცენ“. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ადამიანს აჯერებს, რომ არსებული ფსიქიკური აშლილობა მისი ბრალია, რაც მის მდგომარეობას აუარესებს და ის, ამ მანკიერ წრეზე ტრიალს აგრძელებს.

კიდევ ერთი ბარიერი, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დროს, რასაც ადამიანი აწყდება, გენდერია. ქალები სტერეოტიპულად განიხილებიან, როგორც მეტად მოწყვლადი და მგრძნობიარე ჯგუფი, ხოლო კაცები – ძლიერი და მედგარი. ეს პრობლემას ამწვავებს, რადგან ქალის ფსიქიკური აშლილობები აღიქმება, როგორც მისი ემოციური ახირება, დრამატულობა ან ყურადღების მიქცევის მცდელობა. კაცი კი ხშირად მენტალურ პრობლემებს ვერ გამოხატავს, რადგან საზოგადოება მისგან ხასიათის სიმტკიცეს და ემოციების ნაკლებობას ელის. შესაბამისად, კაცი სევდას ან უიმედობას ხშირად ბრაზით და აგრესიით ავლენს – ეს არის ფორმა რომელიც, რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ჩვენს სოციუმში უფრო მისაღებია, ვიდრე ის, რომ კაცმა ემოციური მოწყვლადობა და მენტალური კრიზისი აღიაროს. აღნიშნული რეალობა, ცხადია, კაცის მიერ ძალადობის რისკს ზრდის და ასოცირებულია რიგ პრობლემებთან, არა მხოლოდ მის ოჯახში, არამედ მთლიან საზოგადოებაში (აგრესია ქუჩაში, სამსახურში, პოლიტიკურ ჭრილში და ა.შ.) არაერთი კვლევის მიხედვით, რეალობა ასეთია, ქალი არ არის კაცზე მეტად დრამატული ან ემოციური, ხოლო კაცს ფსიქიკური აშლილობების მიმართ, რაიმე განსაკუთრებული იმუნიტეტი არ აქვს გამომუშავებული. როდესაც დიაბეტი ან მენტალური პრობლემები აქვთ, ორივეს დახმარება სჭირდება.

ასევე, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ შექმნილი ბარიერები. საყოველთაო დაზღვევა და კერძო სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა, თერაპიას არ აფინანსებს, რაც ფსიქიკური პრობლემების მკურნალობის პროცესში ცალსახად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შესაბამისად, თუ ადამიანმა ყველა აღნიშნული ბარიერი გადალახა და გადაწყვიტა საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას უმკურნალოს, შესაძლოა, კვირაში ერთხელ 50-150 ლარიან სესიას ფინანსურად ვერ გასწვდეს. დაზღვევის ფარგლებში შეიძლება ფსიქიატრთან წავიდეს და დაენიშნება წამალი, რომელიც თერაპიის გარეშე ბევრს ვერაფერს იზამს. (კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ).

საქართველოში არაერთი პაციენტია, რომელსაც რამდენიმე ძლიერი ფსიქოტროპული წამლის ერთდროულად მიღება აქვთ დანიშნული და ფსიქოთერაპიას არ გადიან, ამ წამლების მიერ გამოწვეულ გვერდით ეფექტებს განიცდიან და ხშირად უფრო უარესად არიან, ვიდრე წამლების დაწყებამდე (ან შველით ცოტა ხნით წამლები და შემდეგ კარგავენ ეფექტს…და იმედს).

ზოგ დაავადებას სისტემატურად სჭირდება წამალი (თერაპიასთან ერთად), თუმცა, ხშირ შემთხვევაში, წამალს ვიყენებთ როგორც „ყავარჯენს“, იმისთვის, რომ მან უფრო კომფორტულად „იაროს, სანამ მოტეხილი ფეხი მოურჩება.“ თუ ადამიანი ძალიან ცუდად არის და საწოლიდან ვერ დგება, თერაპიაში ვერ ვეტყვით ისუნთქოს, ივარჯიშოს და დღიური წეროს. ამ დროს გვჭირდება წამალი, რომ მან „თვალებში გამოიხედოს,“ ამოისუნთქოს და თერაპიის მეთოდების მიმართ მიმღებლობა ჰქონდეს.

წამლებთან ერთად, თერაპევტის დახმარებით დამუშავებული ტექნიკები, ადამიანს ეხმარება გამოიმუშაოს პრობლემებთან გამკლავების მეთოდები და ნელ-ნელა დააბალანსოს ის საჭირო მოლეკულები ორგანიზმში, რასაც წამალი ხელოვნურად ურეგულირებს (სეროტონინი, დოფამინი, ნორეპინეფრინი და სხვ.). ბიოქიმიით რომ არ მოგაწყინოთ თავი, მარტივად გეტყვით, რომ რაც დრო გადის, წამალს ორგანიზმი ეჩვევა, ჩვენი შემუშავებული მეთოდები კი, რაც მეტს ვავარჯიშებთ, უფრო მყარდება (კუნთივით).

ანუ, რა უნდა ვქნათ თუ გვაწუხებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები?

საწყის ეტაპზე, ჩვენი მენტალური მდგომარეობის სრულფასოვანი დიაგნოსტირებისათვის, ფსიქიატრთან ვიზიტი და სწორი მედიკამენტების შერჩევაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ნევროლოგი და „ნევროზი“ (ჩვენ რასაც შფოთვით აშლილობას ვეძახით) ერთნაირად ჟღერს, ნევროლოგი „ნევროზის“ ექიმი არ არის. იგი ტვინის და ნერვული სისტემის ექიმია და სავსებით ლოგიკურია იფიქროთ, რომ მას ფსიქიკური აშლილობები ეხება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნევროლოგიურმა პრობლემებმა შეიძლება სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემა გამოიწვიოს, ქცევის, ემოციების და აზროვნების შეფერხებებს ფსიქიატრი მკურნალობს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, კბილები არის საჭმლის მომნელებელი სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, თუმცა საჭმლის მომნელებელ სისტემას გასტროენტეროლოგი, ხოლო კბილებს სტომატოლოგი მკურნალობს. ისინი ხშირად გადაამისამართებენ პაციენტებს ერთმანეთთან, თუმცა ორი სხვადასხვა [მეზობელი] სფეროა.

ჩემს მეგობარს, მას მერე რაც საკუთარი პრობლემების შესახებ მომიყვა, ვურჩიე ფსიქიატრთან მიდი-მეთქი. შეშფოთებით მკითხა, „როგორ ფიქრობ, ეგრე ცუდად მაქვს საქმე“-ო. ფსიქიატრთან თუ მიდის ადამიანი არ ნიშნავს, რომ შეურაცხადია და ჰოსპიტალიზაცია სჭირდება ასათიანზე. სიტყვა „გიჟს“ რომ აღარ ვიყენებთ, ეგეც ხომ ვიცით. ფსიქიატრთან ვიზიტი შეიძლება ჩვეულებრივი გლოვის დროს დაგვჭირდეს, თუ მცირედი მედიკამენტოზური დახმარება შფოთვის გასამკლავებლად გვჭირდება, არ ნიშნავს რომ „გავგიჟდით.“ (გლოვა ბუნებრივი პროცესია და არ არის ფსიქიკური აშლილობა) ასე რომ, თამამად მიდით ფსიქიატრთან.

ფსიქიატრის შემდეგ, აუცილებლად თერაპევტი მოძებნეთ. თუ ფინანსური მხარე პრობლემაა, ორგანიზაციები და „პრო-ბონო“ (ანაზღაურების გარეშე) თერაპევტები მოიძიეთ, რომლებიც მცირე კურსს მაინც უანგაროდ შემოგთავაზებენ. ასევე, განიხილეთ ჯგუფური თერაპია, რაც ხშირად უფრო იაფი და საკმაოდ ეფექტურია, ვიდრე ინდივიდუალური სეანსები.

და ბოლოს, თუ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ ახერხებთ თერაპიაზე სიარულს, ინტერნეტში რესურსი მოიძიეთ. აქ განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყოთ – გადაამოწმეთ წყარო, დააკვირდით ვინ წერს სტატიას, ვინ საუბრობს ვიდეოში, რა განათლება და კვალიფიკაცია აქვს მას. ონლაინ მოძიებული რჩევები და რეკომენდაციები განიხილეთ თქვენს ფსიქიატრთან ან თუნდაც, ოჯახის ექიმთან ერთად. ჩართეთ ყველა რესურსი, რაც თქვენთვის ხელმისაწვდომია და მიხედეთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, ისე როგორც მიხედავდით დიაბეტს ან მოტეხილ ფეხს.

ამ სტატიის ბოლოს გთხოვთ, რომ მიიღოთ მოცემულობა – თქვენი ფსიქიკური აშლილობები თქვენი ბრალი არ არის – ჯანმრთელობის პრობლემაა, უამრავი მიზეზით გამოწვეული, დაწყებული გენეტიკით, დამთავრებული თქვენი სოციუმით.

აუცილებლად მიხედეთ თავს და არ ჩაიქნიოთ ხელი, თქვენი კარგად ყოფნა აუცილებელია – გამოსავალი მოიძებნება!

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *