წითელი ლაქა, ანუ მენსტრუალური რეალობა

მენსტრუაცია

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი; დიზაინი: შორენა თივაძე

საუკუნეების განმავლობაში, არაერთი მითი თუ წესი ყალიბდებოდა იმ ბუნებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რასაც მენსტრუაციული პერიოდი ეწოდება. მაგალითად, შეიძლება თუ არა ეკლესიაში შესვლა ქალისთვის ციკლის დაწყების დროს?! 

ამ საკითხზე საეკლესიო მღვდელმსახურებსაც კი განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგი მრევლს მოუწოდებს: “ქალი მენსტრუაციის დროს უწმინდურია და მისი ეკლესიაში შესვლა არ შეიძლება, სანამ არ “განიწმინდება.” ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქალს ტაძარში შესვლა შეუძლია, თუმცა ხატებს არ უნდა ემთხვიოს და სანთელი არ უნდა დაანთოს, ასევე, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო აღსრულებებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიას საერთო პასუხი არ აქვს.

ჩვენს წელთაღრიცხვამდეც ორი განსხვავებული მოსაზრება არსებობდა, რომელიც დღევანდელ რეალობასაც მოიცავს: საუკუნეების წინაც კი, ადამიანთა გარკვეული ჯგუფები ქალის ჩაგვრასა და მის უწმინდურად მოხსენიებას ეწინააღმდეგებოდნენ. დაახლოებით 365 წლით თარიღდება წმინდა ათანასეს წერილი, რომელშიც აცხადებს, რომ “ღვთის ყველა ქმნილება წმინდაა და ქალის უწმინდურად მოხსენიება არასდროს არ შეიძლება. რადგან ღვთის სიტყვას ბოროტისა და უწმინდურის შექმნა არ შეეძლო, ამიტომ ქალიც ყოველთვის წმინდა და კეთილია, რადგან უფლისგანაა შექმნილი.”

გადის წლები და 21-ე საუკუნეშიც კი, გარკვეული საკითხები, რომლებიც მოზარდის ასაკობრივ ცვლილებებსა და სხვა ანატომიურ პროცესებს ეხება, დღესაც სტერეოტიპებით იკვებება. მიუხედავად თანამედროვე საზოგადოების სექსუალური ემანსიპაციისა, მენსტრუაცია გარკვეული სოციუმებისთვის კვლავ ტაბუდადებული თემაა.

სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, შესაბამისი განათლების არარსებობის გამო, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ინტერნეტია, რაც ერთი მხრივ, ნაკლებად ხელმისაწვდომია ყველასთვის და ასევე შესაძლებელია, არასწორი/დამახინჯებული ინფორმაციის მიღების მიზეზი გახდეს.

საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, დედები გოგონებს ყველაზე ხშირად მენსტრუალური ციკლის შესახებ აწვდიან ინფორმაციას, თუმცა ამ შემთხვევაშიც, არსებული მაგალითების მიხედვით, მშობელი მხოლოდ ციკლის დაწყების შემდეგ ესაუბრება და ამშვიდებს მოზარდს. თუმცა მენსტრუაციის დაწყების გამოცდილება, ინფორმაციის არ ქონის ფონზე, ზოგიერთი მოზარდისთვის საკმაოდ სტრესულია.

მენსტრუალური ეკონომიკა ერთი ციკლის ჭრილში:

მენსტრუაციაზე მნიშვნელოვნად აისახება ქალის ეკონომიკური მდგომარეობა. მენსტრუალური პროდუქტების ღირებულება, ერთი ციკლისთვის, შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური პრეფერენციების, პროდუქტების არჩევანისა და რეგიონული ფასების მიხედვით. 

მოცემულია სხვადასხვა ტიპის პროდუქტების პოტენციური ღირებულების მიახლოებითი შეფასება:

ერთჯერადი ჰიგიენური საფენების ღირებულება განსხვავდება ზომისა და შთანთქმის დონის მიხედვით. საშუალოდ, 10-დან 20 საფენის შეფუთვა შეიძლება ღირდეს 5-10+ ლარამდე ან მეტი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით.

ტამპონები: ასევე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომის და შთანთქმის. შეფუთვა შეიძლება შეიცავდეს 18-დან 36 ტამპონს და დაახლოებით 4-დან 10 ლარამდე ან მეტი ღირდეს, ბრენდისა და ტიპის მიხედვით.

მენსტრუალური ჭიქები როგორც წესი, უფრო ძვირია, მაგრამ მათი გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე წლის განმავლობაში. ღირებულება შეიძლება მერყეობდეს 40-დან 90 ლარამდე ან მეტი. 

მიუხედავად იმისა, რომ მენსტრუაციის დროს გარკვეული საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამისი პროდუქტები დაკავშირებულია ხარჯებთან, ბევრ ქვეყანაში არის მცდელობა, რომ ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, მათ შორის სამთავრობო პროგრამებისა და არაკომერციული ორგანიზაციების მეშვეობით.

საშუალებები და მათი მიმოხილვა 

ჰიგიენური საფენები: შთამნთქმელი ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტებია, რომლებიც გამოიყენება მენსტრუაციის დროს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

ტამპონები: პატარა, ცილინდრული ფორმის პროდუქტია, რომელიც შთამნთქმელი მასალებისგანაა დამზადებული, როგორიც არის ბამბა ან სხვა მსგავსი ქსოვილი.

მენსტრუალური ჭიქა: ზარის ფორმის მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტი, რომელიც სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, რეზინისგან ან ლატექსისგანაა დამზადებული. გამოყენების შემდეგ ხდება მათი დაცლა და გაწმენდა.

მენსტრუალური დისკები: მენსტრუალური ჭიქების მსგავსად, ისინი დამზადებულია რბილი, მოქნილი მასალისგან.

პერიოდის ტრუსი: სპეციალურად შექმნილი საცვლები, ჩაშენებული შთამნთქმელი ფენებით. მათი ტარება შესაძლებელია დამოუკიდებლად ან მენსტრუაციის სხვა პროდუქტებთან ერთად.

ქსოვილის ბალიშები: მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ბალიშები ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივაა, ისინი დამზადებულია ნაზი ქსოვილისგან, თუმცა შესაძლებელია მათი გარეცხვა და გამოყენება.

ჰიგიენა და პირადი მოვლა:

მენსტრუაციის დროს მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. რაც უამრავ ფაქტორს მოიცავს, მაგალითად: მენსტრუალური პროდუქტების რეგულარულ შეცვლას. ამ მხრივ ქალის ჯანმრთელობის კუთხით განათლება და მხარდაჭერა აუცილებელია იმისათვის, რომ მათ მენსტრუაციის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ, ასევე საჭირო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა.

რამდენიმე ქვეყანასა და რეგიონში სკოლის მოსწავლეებისთვის ჰიგიენური საფენების დარიგების გზით, მენსტრუალური ჰიგიენისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად არაერთი ინიციატივა განხორციელდა, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ინდოეთი, რომელმაც მენსტრუალური ჰიგიენის მართვის სხვადასხვა პროგრამა განახორციელა, მათ შორის ჰიგიენური საფენების დარიგება სკოლის მოსწავლეებისთვის გარკვეულ შტატებსა და რეგიონებში.

კენია: წამოიწყო პროგრამები, სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის ჰიგიენური საფენების მიწოდების მიზნით.

სამხრეთ აფრიკა: ზოგიერთმა სკოლამ გოგონებისთვის საფენების მიწოდების ინიციატივა განახორციელა.

ნეპალი: განახორციელეს ინიციატივები, რომ სკოლის მოსწავლეებს საჭირო ინფორმაცია და ჰიგიენური საფენები მიაწოდონ. 

არაერთი ქვეყანა დღესაც განიხილავს აღნიშნული პროგრამის დაწყებას, არსებობს ინიციატივები და განხორციელების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მიმდინარეობს.

მენსტრუაციული შვებულებები

მენსტრუაცია დღეს კვლავ დაფარული საკითხია სოციუმის გარკვეული წევრებისთვის, ქალები ამ თემაზე არ ლაპარაკობენ. იმ პირობებში, როცა აღნიშნული საკითხი ასეთი სტიგმატიზირებულია და ქალის სისუსტედ ითვლება, ძალიან რთულია მოითხოვო მენსტრუალური შვებულება დამსაქმებლისგან.

მენსტრუალური შვებულება – დასასვენებლად გამოყოფილი კონკრეტული ორი დღეა იმ ქალებისთვის, რომელთა მენსტრუაციის დღეები განსაკუთრებით მტკივნეულად მიმდინარეობს.

რამდენიმე ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა არსებობს, რომელიც, კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება, როგორც არაპროდუქტიული გადაწყვეტილება, რაც დროდადრო სტერეოტიპულ წარმოდგენას აღრმავებს იმის შესახებ, რომ ქალი თანამშრომლებისგან მხოლოდ პრობლემებია მოსალოდნელი.

აზიის რიგ ქვეყნებში, მათ შორის ინდონეზიაში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში, ქალებს მენსტრუაციის დროს უფლება აქვთ, რამდენიმე დღე შვებულება აიღონ, თუმცა, აღნიშნული უფლებით ცოტა ქალი სარგებლობს, რადგან კაცის მხრიდან აგდებული დამოკიდებულების ეშინია და არ სურთ, თავი საზოგადოების სუსტ წევრად წარმოაჩინონ.

საზოგადოების ასეთმა რეგრესულმა დამოკიდებულებამ მენსტრუალური პერიოდის მიმართ და ზოგადად მენსტრუაციაზე წარმოდგენამ, როგორც რაღაც „უთქმელზე“, შესაძლოა, ქალებს კვლავ უკან დახევისაკენ უბიძგოს.

საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს პრაქტიკა განათლების ან/და ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, რომლის მიხედვითაც სკოლებში მოსწავლეებისათვის ჰიგიენური საფენების მიწოდება განხორციელდებოდა. 

მნიშვნელოვანია, რომ მენსტრუალური პროდუქტები, ქალებისათვის საბაზისო საჭიროებად საქართველომაც აღიაროს. ხოლო მენსტრუალური სიღარიბის, როგორც პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება, თუ ჰიგიენური საშუალებები სკოლებში დარიგდება. ასევე, მაღალ კლასებში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განათლების რაიმე ფორმით მიმღებლობა ან/და ინიციატივა დაიგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ მენსტრუალური სიღარიბე გლობალური პრობლემაა, ხშირად იგნორირებულია და არასაკმარისად განიხილება. თუმცა, აუცილებელია იმის აღიარება, რომ მენსტრუალური სიღარიბის შედეგებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ინდივიდზე, არამედ საზოგადოებაზე. განათლებისა და პოლიტიკის ცვლილებების გზით, ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ უფრო სამართლიან და ინკლუზიურ სამყაროში, სადაც არავინ იქნება სტიგმატიზირებული, ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესის გამო. ამით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ გენდერული თანასწორობის, ხელშეწყობისა და ცხოვრების საერთო ხარისხის გასაუმჯობესებლად.

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *