ლუდომანია – ფსიქიკური დაავადების მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

ლუდომანია

ანა მახარაშვილი, მკვლევარი მეცნიერი, იელის უნივერსიტეტის ფსიქიატრიული განყოფილება; ფსიქოთერაპევტი, Southern Connecticut Behavioral Health

ტერმინოლოგია და განმარტებები

აზარტული თამაშები – თამაშები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2022)

გემბლინგი – აზარტული თამაშების თამაში

ლუდომანია – აზარტულ თამაშებზე ადიქცია

ადიქცია – დამოკიდებულება, ცხოვრების ხარისხზე მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენით

თამაშებზე დამოკიდებულება, ან ლუდომანია, არის განკურნებადი, ქრონიკული ფსიქიკური დაავადება, რომელსაც განაპირობებს მრავალი ფაქტორი, მათ შორის სოციოეკონომიკური მდგომარეობა, გენეტიკა, განათლება, აღზრდა და სხვა. სტერეოტიპული მიდგომა, ამ ადამიანების დამუნათება, დარცხვენა, ლანძღვა და გარიყვა არ არის პრობლემის გამოსავალი, მეტიც – ამწვავებს მას. ამ დაავადებას სჭირდება დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ისევე როგორც ორგანულ დაავადებებს, როგორიცაა კუჭის წყლული ან ფილტვების ანთება.

გემბლინგის დროს, ადამიანი რისკავს რაიმე ღირებულის დაკარგვას, უფრო ღირებულის მოგების იმედით. ისევე როგორც სხვა ადიქციები (ნივთიერებებზე დამოკიდებულება, მაგალითად), გემბლინგი აღაგზნებს ტვინის „დაჯილდოვების ცენტრს,“ რაც იწვევს ხანმოკლე ეიფორიას და სასიამოვნო შეგრძნებებს. აგრეთვე, გემბლინგი (და ნივთიერებებზე დამოკიდებულება) ხშირად ასოცირებულია კონკრეტულ სოციალურ აქტივობებთან, როგორიცაა მეგობრებთან ერთად გართობა, თანატოლების გემოვნების გაზიარება, წარმოსახვითი პრესტიჟი და სხვა. შესაბამისად, ცხადია, აზარტულ თამაშებს აქვთ გარკვეული ხიბლი, რაც მეტწილად იზიდავს ახალგაზრდა ადამიანებს.

რა იწვევს ლუდომანიას?

ერთი კონკრეტული ფაქტორი არ იწვევს ლუდომანიას, თუმცა რისკს ზრდის შემდეგი მოცემულობები:

  • მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები (შფოთვა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD), ყურადღების დეფიციტისა და/ან ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD))
  • სოციოეკონომიკური მდგომარეობა (ზოგჯერ, ადამიანები თამაშობენ, მხოლოდ მატერიალური მოგებისთვის და ბაზისური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად)
  • სოციუმი – თუ მეგობრები და ოჯახის წევრები თამაშობენ, მაღალი შანსია თქვენც ითამაშოთ
  • ადამიანის ხასიათი – იმპულსური, ვორქაჰოლიკი (გადაჭარბებით მუშაობს), აზარტული, მოწყვლადი
  • ტრავმა და უთანაბრობა (სოციუმში) რისკ ფაქტორია, განსაკუთრებით ქალებში. ქალებისთვის ასევე რისკია ურთიერთობებში ძალადობა და ჩაგვრა.

რა განსხვავებაა მავნე ჩვევასა და დამოკიდებულებას შორის?

ძნელია აღწერო, რა არის ნორმა და რა აშლილობა, როდესაც ადამიანთა ცხოვრების სტილი, მოწყვლადობა, ცხოვრების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და სხვა მრავალი ფაქტორი, განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე, შეიძლება ქცევა იყოს მისაღები ერთ კულტურაში, თუმცა გმობდნენ სხვაგან. მაგალითად, იყო დრო როდესაც სიგარეტის მოწევა დასაშვები იყო ექიმის კაბინეტშიც კი და არ ითვლებოდა მაინცდამაინც მავნე ჩვევად.

აქედან გამომდინარე, DSM-5-ს (მენტალური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელო) თუ გადავხედავთ, ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტირება და მათი სიმძიმის განსაზღვრა, ძირითადად იმის მიხედვით ხდება, თუ რამხელა პრობლემას უქმნის სუბიექტს ეს ყოველივე. ანუ, მავნე ჩვევა უფრო მეტად ემორჩილება კონტროლს, უფრო შექცევადია და უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს ადამიანს. დამოკიდებულება კი უფრო ძნელი დასაძლევია და იწვევს მრავალ ფსიქიკურ და ფიზიკურ პრობლემებს. გემბლინგი უწყინარია თუ ის არ იწვევს ემოციურ, ფიზიკურ და/ან მატერიალურ ზიანს და შეესაბამება კონკრეტული ადამიანისთვის სასურველ ყოფას.

მიყვარს ჯოკერის და პოკერის თამაში, ზოგჯერ ფეხბურთზეც დამიდია ფული და ნარდიც მითამაშია სანაძლეოზე. ლუდომანია მჭირს?

დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კონტროლირებადია თქვენი ქცევა და როგორ ზეგავლენას ახდენს თამაში თქვენს ცხოვრებაზე. ისევე როგორც ალკოჰოლი, სწრაფი კვება (ე.წ.“ჯანქ ფუდი“), ტკბილეული და ხმამაღალი მუსიკა, გემბლინგი შეიძლება იყოს ადამიანისთვის სასიამოვნო პროცესი, თუმცა გადაჭარბებითი ქცევა შეიძლება გადაიზარდოს პრობლემაში და გამოიწვიოს ზიანი.  

ქვემოთ ჩამოთვლილია კითხვები, რომლებიც შეგვიძლია დავუსვათ საკუთარ თავს (ან ახლობელს), გემბლინგის შესაფასებლად (გაითვალისწინეთ, ეს არ არის დიაგნოსტიკური კითხვარი და არ ჩაანაცვლებს პროფესიონალის მიერ ჩატარებულ სრულ, კლინიკურ შეფასებას!):

  • რამდენად ხშირად ვთამაშობ?
  • რა ხანგრძლივობით ვთამაშობ?
  • a.  ბევრი დრო მეხარჯება თამაშში?
  • b.  მიშლის ხელს სწავლაში, სახლის საქმეებში ან მუშაობაში?
  • c.  მიშლის ხელს სხვა ტიპის გართობაში, როგორიცაა მეგობრების ნახვა, ჰობი, სპორტი და სხვა?
  • რამდენ ფულს ვხარჯავ თამაშში?
  • a.  მიქმნის თამაში მატერიალურ პრობლემებს?
  • b.  მაქვს ადამიანების ვალი, თამაშის გამო?
  • c.  ჩამიდენია უკანონო ქმედება თამაშის გამო? (მაგალითად, ძარცვა, გაყალბება)
  • d. მომიპარავს ოჯახის წევრებისგან ფული ან ღირებული ნივთები?
  • e.  გამიყიდია და/ან დამილომბარდებია სხვისი და/ან საკუთარი ძვირადღირებული ნივთები?
  • მექმნება პრობლემები პირად ურთიერთობებში (ოჯახის წევრებთან, პარტნიორთან, მეგობრებთან)?
  • a.  უთქვამთ რომ შეიძლება პრობლემატურად ვთამაშობდე?
  • b.  დამშორებია ადამიანი თამაშის გამო?
  • c.  მომიტყუებია ახლობლები თამაშის გამო?
  • თამაშს გამოუწვევია ფსიქიკური პრობლემები?
  • a.  შფოთვა როდესაც ვერ ვთამაშობ, როცა ვთამაშობ, თამაშის შემდეგ
  • b.  სინდისის ქენჯნა, სირცხვილის განცდა
  • c.  უიმედობა, დეპრესია, შიში
  • d.  სუიციდური იდეები ან სუიციდის მცდელობა, თამაშის გამო (მაგალითად წაგების დროს, ან ვალის გადაუხდელობის გამო)
  • e.  უძილობა, უმადობა
  • f.   პარანოია (უსაფუძვლო ეჭვები და შიშები)
  • მიცდია თამაშის შემცირება ან სრულად თავის დანებება?
  • a.  შემიძლია ვაკონტროლო რამდენს ვითამაშებ (რამდენი ხანი, რამდენ „ხელს,“ ან რამდენ ფულს დავხარჯავ)?
  • b.  ბევრჯერ მიცდია თავის დანებება ან შემცირება? რამდენად წარმატებული იყო ეს მცდელობები?
  • c.  ვფიქრობ, რომ თამაშზე დამოკიდებულება უკვე ჩემს კონტროლს აღარ ექვემდებარება?
  • წამიგია ფული და ასანაზღაურებლად გამიგრძელებია თამაში?
  • ადვილია ჩემთვის წაგებასთან გამკლავება? წაგების შემდგომ თამაშის შეწყვეტა?
  • როდესაც არ ვთამაშობ, მაქვს თამაშის ძლიერი სურვილი? ისე რომ სხვა რამეზე კონცენტრაცია მიჭირს?
  • ძნელია ჩემთვის ვიყო ისეთ ადგილებში დიდი ხნით, სადაც ვერ შევძლებ თამაშს?

ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ შეაფასოთ რამდენად სასარგებლოა (ან საზიანოა) თქვენთვის საკუთარი გემბლინგის სტილი, რამდენად შეეფერება თქვენს სურვილებს და ცხოვრებისეულ საჭიროებებს და რამდენად მისაღებია თქვენთვის ის პასუხები რაც ამ კითხვებზე გაეცით.

მგონი პრობლემატურად ვთამაშობ ან ლუდომანია მჭირს. რა უნდა ვქნა?

ლუდომანიის დასაძლევად, ყველაზე ოპტიმალური პირველი საფეხური ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან ვიზიტია. მას შემდეგ, რაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა, თქვენ და თქვენი თერაპევტი შეიმუშავებთ დაავადების დაძლევის გეგმას. სასურველია, ამ პროცესში გამონახოთ თანადგომა ოჯახის წევრებისგან და ახლობლებისგან, რადგან არ იგრძნოთ თავი გარიყულად, დამნაშავედ და მარტოდ. ამისთვის, შეიძლება საჭირო გახდეს ოჯახის თერაპია, რადგან თერაპევტმა თქვენს ახლობლებს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია და აუმაღლოს ცნობიერება ლუდომანიის შესახებ.

პრაქტიკული რჩევები:

  • ყურადღება გადაიტანეთ სხვა რამეზე
  • გადადეთ თამაში, მაგალითად, თქვით რომ ითამაშებთ ზეგ და არა ხვალ (დროს მოიგებთ და შეიძლება საერთოდ აღარ ითამაშოთ)
  • შეუერთდით თანადგომის ჯგუფს ან ფორუმს (თუნდაც სოციალურ მედიაში) და ელაპარაკეთ მათ, ვისაც იგივე პრობლემა აწუხებთ
  • ერიდეთ სრულიად მარტოდ ყოფნას (თუმცა მოერიდეთ იმ ჯგუფებს სადაც თამაშობთ)
  • დაგეგმეთ თქვენი დღეები ისე, რომ არ მოიწყინოთ და უსაქმურად არ იყოთ (რადგან არ მოგინდეთ დროის თამაშით გაყვანა)

რა რჩევებია მშობლებისთვის ვისაც არ სურთ, რომ შვილებმა ითამაშონ?

  • მშობელმა შეიძლება ყველაფერი ისე გააკეთოს როგორც რეკომენდებულია, თუმცა მისი შვილი მაინც დაავადდეს ლუდომანიით. მნიშვნელოვანია, რომ შვილის პრობლემები მთლიანად საკუთარ თავზე არ აიღონ მშობლებმა, თუმცა არის რჩევები რაც შეამცირებს ბავშვში ლუდომანიის განვითარების რისკს:
  • მოარიდეთ ბავშვი ისეთ სიტუაციებს სადაც უფროსები ხშირად თამაშობენ.
  • გამოიყენეთ „პოზიტიური აღზრდის“ მეთოდები, რაც გულისხმობს მეტ ჯილდოს (სასურველი საქციელის დროს) და ნაკლებ დასჯას. პოზიტიური აღზრდა ზოგადად სასარგებლოა ბავშვებისთვის და გვეხმარება ბევრი მენტალური აშლილობის თავიდან აცილებაში. არ დაამციროთ ბავშვი, ხშირად მოუსმინეთ განსჯის გარეშე, ეცადეთ მისცეთ ასაკის [და განვითარების] შესაფერისი თავისუფლება, არ გამოიყენოთ ფიზიკური დასჯის მეთოდები, არ მიაყენოთ შეურაცხყოფა, იყავით პროგნოზირებადი, ხშირად შეაქეთ და გქონდეთ ასაკის შესაბამისი დისციპლინის და ყოფაქცევის მოთხოვნები.
  • თუ ბავშვს აღენიშნება ხასიათის ან ქცევის პრობლემები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ბავშვთა ფსიქოთერაპევტს.

რა უნდა ვქნა თუ ჩემი პარტნიორი ან ოჯახის წევრი თამაშობს პრობლემატურად?

პირველ რიგში უნდა უზრუნველყოთ საკუთარი უსაფრთხოება და თუ ოჯახის წევრის ან პარტნიორის თამაში გაყენებთ ფიზიკურ, ემოციურ და/ან მატერიალურ ზიანს, ყველანაირად ეცადეთ რომ გაეცალოთ მას, თუნდაც დროებით. თქვენ შეგიძლიათ გაუწიოთ თანადგომა და მიეხმაროთ, თუმცა ლუდუმანიით დაავადებულის მკურნალობა და რეაბილიტაცია ოჯახის წევრების ვალდებულება არ არის და ეს პასუხისმგებლობა მათ არ უნდა დაიკისრონ.

ეცადეთ, მოუწოდოთ ახლობელს მიმართოს სპეციალისტს და შესთავაზეთ ამ საკითხში დახმარება (სპეციალისტის მოძიება, ტრანსპორტირება, და სხვ.).

ხშირად შეაქეთ ის და გაამახვილეთ ყურადღება მის დადებით თვისებებზე.

დააწესეთ მკაცრი და მყარი ლიმიტები ფინანსების კუთხით. თქვენ ვერ გააკონტროლებთ სხვის ფულს, თუმცა შეგიძლიათ აკონტროლოთ საკუთარი ბიუჯეტი და არ მიიღოთ მონაწილეობა ახლობლის გემბლინგში ან მის მიერ გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაში.

თავადაც მიმართეთ თერაპიას, რადგან ოჯახის წევრის გემბლინგი თქვენზეც უარყოფითად აისახება და შეიძლება გქონდეთ შფოთვა ან სხვა მენტალური პრობლემები.

წყაროები:

Gambling Addiction and Problem Gambling
National institute on drug abuse
AddictionCenter
unicef.org

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *