“ჩაგვრას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – ისინი ქალები არიან“ – თეონა ცხომელიძე
რესპოდენტი: თეონა ცხომელიძე
ფემიციდთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში, დიდი როლი მედიას აკისრია, თუმცა ის, ფაქტის გაშუქების პროცესში, შეგნებულად თუ უნებლიედ, მსხვერპლის დადანაშაულებას ისეთი შეფასებებით ახდენს, როგორიცაა ფრაზა – „მკვლელობა მოხდა ეჭვიანობის ნიადაგზე.“
რესპონდენტი მეზობლებისა და ახლობლების კომენტარები კი ამართლებენ მოძალადეს და მკვლელობის მოტივზე ყურადღების გამახვილებით, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ – თითქოს, იმის გამორკვევა, თუ რატომ მოკლეს ქალი, ამ დანაშაულის სიმძიმეს ამცირებდეს.
ფემიციდის არასწორი გაშუქების დროს, თითოეული მკვლელობის იარაღისა და ხერხის დასახელებისას თუ მსხვერპლის ირიბი დადანაშაულებისას, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტთა დამოუკიდებელი ჯგუფები, არ იშურებენ კრიტიკას კონკრეტული სიუჟეტის ავტორებისა თუ მედია საშუალებების მიმართ. იმის მიუხედავად, რომ არსებობს „ფემიციდის გაშუქების ქცევის კოდექსი“, მოქმედი ჟურნალისტები, დოკუმენტს ნაკლებად იცნობენ, შესაბამისად, ვერ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება.
კოდექსის შემუშავებაში, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, თეონა ცხომელიძემაც მიიღო მონაწილეობა.
ის წლების განმავლობაში აშუქებდა ფემიციდს, ქალთა უფლებებს, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს. მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ტრანსგენდერი ქალების ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისათვის, მათი შევიწროება და საზოგადოებიდან გარიყვა.
ძალადობა გამოვლილ გოგოებთან ურთიერთობის გამოცდილებამ, თეონა გენდერულად მგრძნობიარე გახადა, ამიტომ, ჟურნალისტების ახალ თაობას, ეთიკურ მედია გაშუქებასა და სტანდარტების დაცვას ასწავლის.
„მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ფემიციდის ან ქალზე ძალადობის შემთხვევებზე მუშაობისას, შეცდომები არ დამიშვია.
ახლა, როდესაც სტუდენტებს ეთიკურ გაშუქებას ვასწავლი, მაგალითებად პირველ რიგში, ჩემი რეპორტაჟები მომყავს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, მედია უკეთესობისაკენ შეიცვალა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ დიდია და იდეალური გაშუქებისგან ძალიან შორს ვართ.“
ფემიციდი კომპლექსური პრობლემაა. საქმე იმაშია, რომ კაცისათვის ქალის მოკვლა „ღირსების დანაშაულად“ იქცა. ისინი კლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ თვლიან – თავმოყვარეობა შეელახათ გარემოცვის თვალში. ეს კი, გარკვეულ წილად, საზოგადოების მიერ არის წახალისებული, რადგან ყოველ მკვლელობას ან ძალადობას, მოსდევს მსხვერპლის გამამტყუნებელი კითხვები, რაც ისევ და ისევ, მედიის საშუალებითაც ვრცელდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც იცავს ქალს ძალადობისაგან, მაინც რთულია მისი აღსრულება და მსხვერპლის დაცვა.
„სახელმწიფო და ჩინოვნიკები, გენდერულად მგრძნობიარენი უნდა იყვნენ, თუმცა, ახლა საპირისპირო სურათი გვაქვს. პარლამენტში ორჯერ გაიმართა პრეს-კონფერენცია ფემიციდის პრობლემის ირგვლივ, იცით რამდენი კაცი იდგა ამ დროს კამერების წინ? – არცერთი. და ეს მაშინ, როდესაც დეპუტატებისა და ხელისუფლების შტოში გადაწყვეტილების მიმღებთა დიდი უმრავლესობა, სწორედ კაცია. როგორც ჩანს, მათთვის, ქალთა კვლა, პრობლემურ საკითხს არ წარმოადგენს.
სწორედ ამიტომაა, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან ჩაგვრას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – ისინი ქალები არიან.“
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობისაგან დაცვის საერთაშორისო დღეს, ქალმა აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა, გაუპატიურების კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. აუცილებელია, რომ დაზარალებულ ქალს, სამართალდამცავები არ სთხოვდნენ ფიზიკური დაზიანებების ჩვენებას. მნიშვნელოვანია ყველა ვთანხმდებოდეთ იმაზე, რომ თუ ქალი არაა თანახმა სექსზე, ასეთი აქტი გაუპატიურებაა.
ქალებზე ძალადობენ და კლავენ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობაა უკრაინაში – იქ, სადაც ქალები და ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან. მსხვერპლების ასაკი 0 წლიდან იწყება და სრული სურათი, ალბათ, აგრესორი ქვეყნის ჯარისკაცების მიერ, ტერიტორიების დატოვების შემდეგ გამოჩნდება.
განსაკუთრებული სისასტიკის, გაუპატიურების, გენოციდისა და ქალთა კვლის გარდა, ომის მთავარი პრობლემა იძულებითი მიგრაციაცაა; გადასახლების მსხვერპლების უმეტესობაც, რა საკვირველია – ქალია.
ვიღაცისთვის ფემიციდი, ქალზე ძალადობა, გაუპატიურება და შემაკავებელი ორდერებიც კი, სტატისტიკაა, ვიღაცისთვის კი პირადი ტრაგედია, დანგრეული ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში – მომავლის შიშიც, რომელიც, სამწუხაროდ უკრაინაში ათასობით ქალის აწმყოა.