“ვარდისფერი სივრცე” – პაციენტები პაციენტებისათვის
ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი
ძუძუს კიბო ქალებში სიმსივნის ყველაზე გავრცელებულ ტიპს მიეკუთვნება. სარძევე ჯირკვლის წილებსა და სადინარებში დაწყებული სიმსივნური პროცესი, შესაძლებელია გავრცელდეს მათ მიღმა, რასაც ინვაზიური ძუძუს კიბო ეწოდება. ინვაზირების საშუალებით, სიმსივნეს შესაძლებლობა აქვს მოხვდეს ლიმფურ და სისხლის მიმოქცევის სისტემაში, გავრცელდეს პირველადი კერიდან დაშორებით სხვა ორგანოებსა და არარეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ასეთი სიმსივნე მეტასტაზური ძუძუს კიბოს სახელითაა ცნობილი.
როდესაც პათოლოგიური უჯრედები უკონტროლო ზრდას იწყებენ, ქმნიან სიმსივნურ მასას, რომელიც შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი, ან ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი სიმსივნე პათოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც არ ვრცელდება სარძევე ჯირკვლის გარეთ და არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის. სარძევე ჯირკვლის კიბო ეხება ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც იწყება სარძევე ჯირკვლის სადინარებში ან წილებში და აქვს პოტენციალი გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე (მეტასტაზირება).
XX საუკუნის მეორე ნახევარში, მკვეთრად გაიზარდა ძუძუს კიბოთი ავადობის სიხშირე. სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნული დაავადება ყოველ მეათე ქალს შეიძლება გამოუვლინდეს.
ძუძუს კიბოს სამიზნე ასაკობრივი ჯგუფების სკრინინგი, დაავადების ადრეული გამოვლენისა და მრავალი გართულების თავიდან აცილების შესაძლებლობას გვაძლევს.
საქართველოში ყოველწლიურად, კიბოთი ავადობის, დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება; კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კიბოს შემთხვევათა ზრდა გამოწვეულია როგორც გარემოს, ისე ცხოვრების არაჯანსაღ წესთან დაკავშირებული ფაქტორების კომბინაციით, ასევე, დაგვიანებული სკრინინგისა და დიაგნოსტიკის გამო.
პაციენტები პაციენტებისთვის – ეს არის “ვარდისფერი სივრცე“ ძუძუს კიბოსთან მებრძოლი ქალების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერისათვის.
ადგილი, სადაც ასობით ქალი დაავადებასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას, მკურნალობის მეთოდებს, თანმდევ პრობლემებსა და დაფინანსებების პროგრამების შესახებ ერთმანეთს უამბობს. მას შემდეგ, რაც თავად დაამარცხა ონკოლოგიური დაავადება, სურვილი ჰქონდა, რომ განვლილი გზისა და გამარჯვების ამბები სხვა ქალებისთვისაც გაეზიარებინა.
ანა მაზანიშვილი, „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი:
“2012-2013 წლებში, საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ონკოსერვისები და მკურნალობა, ფაქტობრივად არ ფინანსდებოდა, სწორედ აღნიშნულმა მოცემულობამ განაპირობა ფონდის დაარსების აუცილებლობა.
2019 წლიდან დღემდე, “ვარდისფერმა სივრცემ” ასობით ქალს შესთავაზა არაერთი სერვისი და მათი ფინანსური მხარდაჭერა შეძლო.”
“ვარდისფერი სივრცის” მთავარი მიზანი, ონკოპაციენტებისათვის სრულიად უფასოდ, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაა, ეს კი დაავადებასთან ბრძოლის დროს, მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მორალური და ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ქალებს იმ პროგრამებში ჩართვაც შეუძლიათ, რასაც “ვარდისფერი სივრცე” მათ სრულიად უფასოდ სთავაზობს, – იქნება ეს სამედიცინო დახმარება, დაავადების მართვისთვის საჭირო ტრენინგები, არტ-თერაპია, სასწავლო კურსები, ცეკვა თუ სხვა ფიზიკური აქტივობები.
“ადრეული სკრინინგი უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია ჩვენი ორგანიზაციისთვის, სწორედ ამ კუთხით, 2006 წლიდან ჩართულნი ვართ ცნობიერების ამაღლებისა და სკრინინგის პოპულარიზაციის კამპანიებში.”
ორგანიზაციის ძირითად და ერთადერთ შემოსავალს დონაციები წარმოადგენს. ფონდის ფინანსურ მხარდაჭერაში ჩართულნი არიან ექიმები, ფსიქოლოგები, ონკოპაციენტების ახლობლები და თავად ყოფილი პაციენტებიც.
შემოწირულობა გამოიყენება ბენეფიციარების მედიკამენტებისთვის, კვლევებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჭიროებებისთვის.
“ვარდისფერი სივრცე” ღიაა როგორც პაციენტებისათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის. რეგისტრაციის, წინასწარი შერჩევისა და რაიმე სახის ბარიერების გარეშე, ონკოპაციენტებს ორგანიზაციის წევრობა მხოლოდ საკუთარი სურვილის საფუძველზე შეუძლიათ.
“ჩვენ ვართ პაციენტები პაციენტებისთვის და ამით ყველაფერია ნათქვამი.”